მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს-სახლისთვის გამოყოფილი 82 მლნ "განახლებული რეგიონების" პროგრამაზე დაიხარჯება - ქარსელაძე

60fa81b721f97
ინგა მურუსიძე
23.07.21 12:55
649
"ბიზნეს-სახლისთვის გამოყოფილი 82 მლნ ლარი „განახლებული რეგიონების“ პროგრამაზე დაიხარჯება", - შესაბამისი ინფორმაცია დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააჟღერა.

Bm.ge-ს კითხვას - "ამ დროის განმავლობაში, თანხა, რომელიც ბიზნეს-სახლისთვის გამოიყო, ბანკებში დეპოზიტზე უფუნქციოდ დევს თუ - არა", მინისტრმა ასე უპასუხა: „ეს თანხა რეალურად, ტყუილად არ დევს. ბევრი კითხვა გაჩნდა საიდან ფინანსდებოდა „განახლებული რეგიონების“ პროგრამა. ეს პროგრამა ფინანსდება 90 მლნ ლარით, რომელიც მოძიებულია საკუთარი სახსრების თვალსაზრისით და 130 მლნ ლარით, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე იყო“.

მისივე თქმით, ყველანაირი სამართლებრივი ნორმა არის დაცული იმისთვის, რომ ეს თანხა გამოიყენონ. 

„გადაწყვეტილება სწორად იქნა მიღებული, რადგან თანხა მოხმარდება 63-ივე მუნიციპალიტეტს. პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ჰქონდეთ განახლებული შესაძლებლობები, რის საშუალებასაც ეს პროგრამა იძლევა. ეს არის როგორც შინაარსობრივი, ასევე ფუნქციური ნაწილი. ამ თანხების მიმართვა მოხდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებით", - განმარტა მინისტრმა.

ინფორმაციისთვის: ბიზნეს-სახლის აშენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში დააანონსა. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ეს იქნებოდა პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს, გააუმჯობესებდა მიწოდების ხარისხს და შეამცირებდა მომსახურების დროს და დანახარჯებს.

2017 წლის ბოლოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიზნეს-სახლის პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 82 მლნ ლარი გადაურიცხა, რომელიც ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე იდო და სარგებელი ერიცხებოდა.

მთავრობამ კი ბიზნეს-სახლის პროექტს განხორციელება გადაიფიქრა.