15.ივლისი .2020 15:00

„ბიზნესი არ შეწუხდება შრომის ინსპექციით... ცალკეული ბიზნესმენების კრიტიკა არ არის მთელი ბიზნესის ხმა“

views 462
უკან

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ ცვლილებებს შრომის კოდექსში და მთელ რიგ მუხლებს, რომლებიც დამსაქმებლებს ათობით ახალ მოთხოვნას, რეგულაციას და ახალ ბიუროკრატიულ ბარიერებს უწესებს. შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის დამტკიცების შემთხვევაში შრომის ინსპექციას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიაში შესვლა და შრომის პირობებთან ერთად შრომითი ხელშეკრულებების შემოწმებაც შეეძლება.

შრომის კოდექსში ცვლილებების ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი, შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებით კერძო სექტორის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებს არ იღებს. მისი თქმით, აღნიშნულ სტრუქტურას სადამსჯელო ფუნქცია არ ექნება და ის აღასრულებს იმ ნორმებს, რომელიც სახელმწიფოს კონსტიტუცური ვალდებულებაა, დაიცვას თითეული ადამიანის შრომითი უფლებები და შრომითი უსაფრთხოება.

„შეზღუდული რესუსრების მიუხედავად შრომის ინსპექციას აქვს პოზიტიური რეპუტაცია, პოზიტიური შედეგები, მნიშვნელოვნად არის შემცირებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება მძლავრი რეფორმა, რომ ეს სტრუქტურა ჩამოყალიბდეს როგორც დამოუკიდებელი, ავტონომიური სტრუქტურა.

არცერთი ბიზნესი არ შეწუხდება შრომის ინსპექციით, ამის კონკრეტული მაგალითები გვაქვს, თუ ის არ დაარღვევს კანონს. თუ ვინმე დაარღვევს დასაქმებულთა უფლებებს, ეს რა თქმა უნდა, იქნება მისთვის პრობლემატური. პირველ რიგში შრომის ინსპექცია იქნება პარტნიორი დამსაქმებელის და პარტნიორი დასაქმებულის.

ბიზნესს ჰქონდა წინააღმდეგობა, მათი ბევრი შენიშვნა გათვალისიწნებულია, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ღერძია ამ რეფორმის, არცერთ შემთხვევაში არ იქნება გათვალისწინებული, რადგან შრომის ინსპექციის დასუსტება ლეგიტიმური არ არის. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სტრუქტურა, გვჭირდება აღსრულების მექანიზმები.

ცალკეული ბიზნესმენების კრიტიკა არ არის მთელი ბიზნესის ხმა, რადგან ბევრი ბიზნესგაერთიანება, მათ შორის ევროპის ბიზნეს ასოციაცია და ა.შ მხარს უჭერდა იმთავითვე ამ პროცესს და დღესაც მხარდაჭერით სარგებლობს მათი მხრიდან“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

Bm.ge-ს კითხვაზე, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ პოზიციები არის თუ არა შეჯერებული ჯანდაცვის სამინისტროსთან, ცქიტიშვილი გვპასუხობს, რომ ისინი თავიდანვე თანამოაზრეები იყვნენ.

„სამინისტროსთან კანონპროექტის დაწერის პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ, ყველაფერი შევათანხმეთ თავიდანვე. არის გარკვეული ტექნიკური ცვლილებები, რომელიც მეორე მოსმენისას იქნება, მაგრამ  ყველა პრინციპული საკითხი თავიდანვე გვქონდა შეთანხმებული. ამ პროცესის განმავლობაში პრაქტიკულად სრული თანხვედრა გვქონდა და ახლაც გვაქვს“-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ყველაფერი, რაც შრომის კოდექსში იცვლება - იკრძალება და რეგულირდება, იხილეთ აქ.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა