მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი განავითარებს რენტაბელურ დარგებს, სხვა დარგები გვრჩება უყურადღებოდ - ღარიბაშვილი

6033b3c40ca22
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.21 17:54
1169
„ბიზნესი განავითარებს იმას, რაც მას მიაჩნია სწორად და რენტაბელურია მისთვის, სხვა დარგები კი, გვრჩება უყურადღებოდ, ვერავინ მოიცლის“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის პლენარული სხდომის ტრიბუნიდან, სადაც განახლებულ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.

მას მიაჩნია, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ბიზნესის საქმიანობაში აუცილებელია.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, სადაც თავის ხედვებს და გეგმებს წარადგენს, დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა თუ ვინმეს სხვა აზრი და იდეა აქვს, როგორ განავითაროს ქვეყანაში ეკონომიკის სხვადასხვა დარგი, მაშინ ამ საკითხის განხილვა უნდა მოხდეს, თუმცა მას ასეთი იდეა რეალობად არ ესახება.

„ვიძახით, რომ ბიზნესი თავისით განავითარებს, ვერ განავითარებს. ბიზნესი განავითარებს იმას, რაც უშუალოდ მას მიაჩნია სწორად და არის რენტაბელური მისთვის, სხვა დარგები გვრჩება უყურადღებოდ, ვერავინ მოიცლის. სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე მე ვერ წარმომიდგენია... თუ გაქვთ რაიმე იდეა ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, როგორ წარმოგიდგენიათ დარგების რეალურად „ბუსტინგი“ თუ სტიმულირება... წარმოუდგენელია, შეუძლებელია... ამიტომ გავაგრძელებთ ასეთ მდორე მდგომარეობაში ყოფნას და ვიქნებით იქ, სადაც ვართ და გვექნება ისეთი ეკონომიკური ზრდა, როგორიც გვქონდა - 4%-5%-იანი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ამ ჭრილში მომავალმა პრემიერმა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დრო კიდევ ერთხელ გაიხსენა და თქვა, რომ  მათ ქვეყანას „ვითომ ლიბერტარიანული“ მართვის სტილი მოახვიეს და დაანგრიეს ქვეყანა, რის შედეგებსაც ახლა იმკიან.

დღესვე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პლენარულ სხდომაზე განმარტა თავისივე განცხადება, რომელიც ფრაქცია"ქართული ოცნების" სხდომაზე  თქვა,  რომ "ვარდების რევოლუციის" შედეგად, საქართველოს ეკონომიკა გაპარტახდა.

„ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, როგორი ზრდა ჰქონდათ მათ 2006-2007 წლებში, მაშინ მთელ მსოფლიოში იყო ეკონომიკური ბუმი და სხვათაშორის, რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით გვასწრებდა. ჩემი ერთი ნათქვამი მათ მიერ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და სწორად ამ კონტექსტში მინდოდა განმარტების გაკეთება, ის რაღაც გაუგებარი, გაუთლელი ვითომ ლიბერტარიანული თუ გაუგებარი პოლიტიკა, რომელიც თავს მოახვიეს ჩვენს ქვეყანას, დაანგრიეს და ყველა დარგი მოსპეს, ჩვენ ამის შედეგებს ვიმკით. ეს ადამიანები მონაწილეობდნენ 90-იანებში და შემდეგაც 2012 წლამდე ამ კატასტროფულ პროცესებში“, - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.