მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი ინფლაციის შემცირებას მოელის, თუმცა უფრო დაბალი ტემპით - სებ-ის კვლევა

63eca5bdbec79
შოთა ტყეშელაშვილი
15.02.23 13:49
741
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ბიზნესები ქვეყანაში ინფლაციის შემცირების ტრენდის გაგრძელებას მოელიან. იანვრის მაჩვენებლების მიხედვით, ინფლაციის შემცირება უფრო ნელი ტემპით მოხდება, ვიდრე ეს დეკემბრის პროგნოზში იყო ასახული.

2023 წლის იანვარში საქართველოში 9.4%-იანი ინფლაცია იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. თავად სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია 5.5% უნდა იყოს; მესამე კვარტალში 4%; ხოლო ბოლო კვარტალში 3.6%.

“ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს. ამავდროულად, იანვრის თვეში შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 4%-6%-თან ახლოს დააფიქსირეს.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, იანვარში დეკემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, დეკემბერთან შედარებით, გაზრდილია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-იან და 4%- 6%-იან ინტერვალებში ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების 0%-2%-სა და 2%-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, დეკემბერთან შედარებით მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების მატებას 6%-8%-იან ინტერვალსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, დაიკლო იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-თან ახლოს ინტერვალში ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია. გამოკითხულთა უმრავლესობა ხელფასების მატებას 0%-10%-ების ფარგლებში ფიქრობენ, მეორე მხრივ, გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 30%-ზე მეტად ვარაუდობენ. ამავდროულად გამოჩნდნენ ისეთი რესპოდენტები, რომლებიც ხელფასების კლებას (10%-ზე მეტად) პროგნოზირებენ.

გამოკითხულთა აზრით, კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) იანვარში დეკემბერთან შედარებით შემცირებულია,”- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის თანახმად, ბიზნესის კვლევაში სულ 18,000 კომპანია მონაწილეობდა, რომელთა შორისაც მსხვილი; საშუალო და წვრილი ბიზნესის წარმომადგენლებიც შედიან.