მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი კვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის - დავითაშვილი

633d48f9676ad
გიორგი არონია
05.10.22 13:03
1461

ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა გუშინ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს ასოციაციის წევრებს შორის გამართულ შეხვედრას და თქვა, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. 

„ბიზნესებს აქვს თავიანთი კვლევები. საუბარი გამოწვევებზეც იყო, მათ შორის დასახელდა ყველაზე მწვავე პრობლემა - სამუშაო ძალიან ნაკლებობა, მათ შორის კვალიფიციური. ამ პრობლემას ორი ნაწილი აქვს: ზოგადად სამუშაო ძალის ნაკლებობა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩვენი ბიზნესი წლებია, რაც განიცდის და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაც სწორედ ეს არის. სწორედ ამიტომ არის დაწყებული ქვეყანაში განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც უნდა გაგრძელდეს პროფესიული განათლების მიღების საკითხი. ამგვარად, ქვეყანაში მიმდინარე განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელსაც ძალიან დიდი აქცენტები აქვს პროფესიულ და უფრო პრაქტიკულ განვითარებაზე, რაც კერძო სექტორს სჭირდება, უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის ტრანსფორმაციაც მოხდება, უნდა გაიზარდოს პროდუქტიულობა, თუმცა უნდა განვითარდეს ტექნოლოგიებიც.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ პრობლემა ნამდვილად კომპლექსურია, რაც ეხება სამუშაო ძალის გადინებას, თუმცა არის კვალიფიციური კადრების შემოდინებაც, მათ შორის მშენებლობის სექტორში. 

ცნობისთვის: 4 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომამდგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოთხი ძირითადი საკითხი განიხილეს, მათ შორის კვალიფიციური კადრების და სამუშაო ძალის ნაკლებობა, ლარის კურსი და ბიუროკრატიული ბარიერები.