მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი-მთავრობას: გაგვხსენით რეგულაციების გათვალისწინებით, თავს გადავირჩენთ რაღაცნაირად

6007e765bdf72
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.21 12:29
796
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილის განცხადებით, სტუმარმასპინძლობის სექტორი ლიკვიდირებულია და 1 თებერვლიდან გაუხსნელობის შემთხვევაში, სრულად განადგურდება. ამის შესახებ მან 13 ასოციაციის მიერ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ განაცხადა, სადაც ბიზნესმა მთავრობას კრიზისის დაძლევის დარგთაშორისი ინიციატივა წარუადგინა, რომელიც 6 პუნქტისგან შედგება და ყველა დარგის ამოქმედებას ითვალისწინებს.

ლევან ქოქიაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ბიზნესს არსებობის და გადარჩენის უფლება უნდა მისცეს, რადგან თვითონ დახმარების რესურსი აღარ აქვს.

„მთავარი პრობლემა ქვეყანაში ის არის, რომ მივექანებით სრული დეფოლტისკენ. აღარ აქვს არანაირი რესურსი სახელმწიფოს, რომ დაეხმაროს იმ სექტორებს, რომლებსაც ასე ძალიან უჭირს. ერეკლე მეორის ქუჩა ხიროსიმა და ნაგასაკისავით არის აფეთქებული და საერთოდ აღარავინ მუშაობს. ჩვენი სტუმარმასპინძლობის სექტორი ლიკვიდირებულია. აქედან გამომდინარე, გვინდა, უბრალოდ, შევძლოთ ფუნქციონირება 1 თებერვლიდან და არ გეგონოთ, რომ თუ გაგვხსნიან, ყველაფერი კარგად გვექნება. დაახლოებით, 25%-30% ბიზნესების ამუშავდება და ძალიან მაღალი იქნება კონკურენცია, მაგრამ თუ სახელმწიფოს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სტუმარმასპინძლობის სფეროს გვერდზე დაუდგნენ, მაშინ უნდა მოგვცენ უფლება, რომ რაც გვინდა, ის გავაკეთოთ, რადგან თითოეულმა კომპანიამ შეძლოს თავისი რესურსებით არსებობა“, - განაცხადა ქოქიაშვილმა.

გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, ასევე, გაუგებარს უწოდებს რეგიონებსა და თბილისში მოქმედები ბიზნესებისთვის შეზღუდვების სხვაობას.

„მთელ მსოფლიოში კოვიდთან თანაარსებობა შეძლო მსოფლიომ. რატომ უნდა ფუნქციონირებდეს რეგიონებში სასტუმროები და რესტორნები - იქ იყოს ჭამა-სმა, ხოლო თბილისში რატომ არ უნდა იყოს მსგავსი ობიექტები რეგულაციების ქვეშ გახსნილი - ჩემთვის გაუგებარია. ეს შერჩევითიც კი არ არის, სრულიად გაუგებარი მიდგომაა“, - ამბობს ის.

ლევან ქოქიაშვილის ინფორმაციით, სტუმარმასპინძლობის სექტორს მთავრობასთან კომუნიკაცია აქვს, თუმცა კონკრეტული პასუხები - არა.

"გვაქვს მთავრობასთან კომუნიკაცია, მაგრამ ყოველდღიურად ხდება საუბარი იმაზე, რომ ხვალ გეტყვით, ზეგ გაგაგებინებთ, ძალიან მალე იქნება პასუხი, რაც სრულიად ანადგურებს სფეროს. მთავრობის კანცელარიასთან დარგის გამოსვლების შემდეგ, დღემდე არ გვაქვს პასუხი ჩვენს სფეროს რა მოუვა. გაგვხსენით რეგულაციების დაქვემდებარებაში, რომელსაც შეუთანხმებთ კერძო სექტორს და ჩვენ თავს გადავირჩენთ რაღაცნაირად“, - უთხრა ჟურნალისტებს სტუმარმასპინძლობის დარგის წარმომადგენელმა.