მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი მთავრობას შეხვდა - საგანგებო შეკრების დეტალები

5e78c7f86bbec
დავით ჯალაღონია
23.03.20 18:34
1256
კერძო სექტორში დასაქმებულების უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურული პროექტების უწყვეტად მიმდინარეობა, აუცილებელი სერვისების მიწოდება - ეს არის ძირითადი საკითხები, რაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა განიხილეს.

დეტალებზე ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„შეხვედრა შეეხო იმ საკითხებს, რომ პირველ რიგში, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ დასაქმებულების უსაფრთხოება, მათ შორის დამცავი საშუალებებით.

საუბარი შეეხო ასევე, სპეციალურ დეკრეტებსა და რეგულაციებს, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადდა და არეგულირებს კერძო სექტორის აქტივობას სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა იმასთან დაკავშირებითაც და ამაზე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომ აბსოლუტურად მზად შეხვდა ამ პროცესს საფინანსო სექტორი და მზადაა იმისთვის, რომ მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეს იმ თვალსაზრისით, რომ საბანკო სექტორში არსებობს ე.წ ბუფერები და არსებობს მზაობა ფინანსური სექტორისა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს დაბალანსებული პასუხი ამ გამოწვევებზე.

ასევე, ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ მიმდინარეობაზე. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ქვეყანაში გრძელდება და ამ შემთხვევაში, სახელმწიფო გამოდის, როგორც მასტიმულირებელი რესურსი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე კერძო სექტორის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციებიც გაჟღერდა.

"ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე, რაც კერძოს ექტორის წინაშე დგას. მათ შემოგვთავაზეს გარკვეული რეკომენდაციები, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში ეკონომიკა სწრაფად გამოვიდეს კრიზისიდან და სწრაფად გააგრძელოს ფუნქციონირება. ასევე, ჩვენი მხრიდან გამოითქვა ინიციატივა, რომ ბიზნეს სექტორი და დამსაქმებელი მაქსიმალურად ჩაერთოს, მათ შორის თავიანთი კორპორატიული პასუხისმგებლობის ნაწილში, რომ სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთობლივად ეფექტურად მოვახდინოთ ამ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავება.

საკარანტინო ზონებთან დაკავშირებით შესაძლო პრობლემა გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უწევთ ოპერირების განხორციელება ამ ტერიტორიებზე. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოითქვა, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია მყისიერად შედგება, რომ განსაკუთრებით სატვირთო გადაზიდვების, ინკასაციის, ან სხვა ნებისმიერი მიმართულებით, რაც საჭიროა, სახელმწიფო მათ მიეხმარება“, - აღნიშნა მან.