მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი VS კომუნიკაციების კომისია - ითხოვს თუ არა “უსაზღვრო ძალაუფლებას" ბექაური?

5f072a9d51870
BM.GE
09.07.20 18:30
1941
"კომისია, ცდილობს უსაზღვროდ გაიფართოოს საკუთარი უფლებამოსილებები", - ამის შესახებ ტელესაკომუნიკაციო კომპანიების მიმართვაშია ნათქვამი, რომლის ადრესატებიც არიან როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე მთავრობის წევრები და თავად კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური. 

მიმართვაში ვრცლად არის საუბარი მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე რომელიც ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას. კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით. 

წერილში, რომელსაც 8 კომპანია აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავებისას/განხილვისას არ არის და არც იყო უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირების ჩართულობა. 

"მიუხედავად შეხვედრისას დასმული კითხვებისა და მოთხოვნისა, კომისიას ჩვენთვის გაეზიარებინა კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული სამუშაო მასალები, კომისიისგან მივიღეთ უარი იმ მოტივით, რომ ვინაიდან კომისია თავად არ იყო საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი, არ ფლობდა კანონპროექტის საბოლოო რედაქციას",- ნათქვამია განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, კომისია თავად იყო კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, აქედან გამომდინარე კომპანიები მიიჩნევენ, რომ კომისია კომპანიების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. 

გარდა ამისა, მიმართვის ავტორების თქმით, კანონპროექტს, არ ახლავს თან რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი და გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გათავისუფლებულიყო რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადებისგან, მთავრობამ მიიღო.

"„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი განეკუთვნება ისეთ ნორმატიულ აქტს, რომელთან დაკავშირებითაც რეგულირების შეფასების განხორციელება სავალდებულოა. დაუშვებლად მიგვაჩნია რეგულირების ზეგავლენის შეფასების გარეშე იქნას განხილული ისეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მარეგულირებელს ანიჭებს უსაზღვრო/ფართო და, შეიძლება ითქვას, რომ შეუზღუდავ დისკრეციას, ჩაერიოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ბიზნეს საქმიანობაში, სუბიექტურად შეზღუდოს მისთვის არასასურველი ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის საკუთრების უფლება“, - წერია მიმართვაში.

მიმართვის ავტორები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი, ასევე, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ:

• კანონპროექტით შემოთავაზებული ნორმები წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლების დაცულ სფეროში.

• განახორციელოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ყველა ორგანოს, მათ შორის და არამხოლოდ, დირექტორის, დირექტორთა საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა/აციონერთა კრების სრული უფლებამოსილებები;

• დანიშნოს/გათავისუფლოს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის დირექტორი/დირექტორები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები;

• სასამართლოში გაასაჩივროს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ დადებული გარიგება და მოითხოვოს ასეთი გარიგების ბათილობა;

• ავტორიზებულ პირს/ლიცენზიის მფლობელს შეუჩეროს მოგების განაწილების, დივიდენდებისა და პრემიების გაცემის, ხელფასების გაზრდა.

• ლეგიტიმური მიზანი არის გაურკვეველი და ბუნდოვანი; შემოთავაზებული საკანონმდებლო რეგულირება არ არის მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება, და, შესაბამისად, არის არაპროპორციული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ნორმატიული აქტით შერჩეული საშუალება უნდა იყოს გამოსადეგი და დაცულ უფლებაში ჩარევა აუცილებელი.

• კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს საკანონმდებლო ნორმისთვის დადგენილ განსაზღვრულობის მოთხოვნას და ეწინააღმდეგება ისეთ კონსტიტუციურ პრინციპებს, როგორებიცაა ნორმის განსაზღვრულობა და განჭვრეტადობა.

„წერილის დასასრულს, მოგმართავთ თხოვნით, არ დაუშვათ კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა, მაქსიმალურად გაითვალისწინოთ ავტორიზებული პირების ლეგიტიმური ინტერესები და სათანადოდ შეისწავლოთ წინამდებარე დოკუმენტით ჩვენს მიერ დაფიქსირებული არგუმენტაცია. აქვე, გიდასტურებთ, რომ ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ თქვენს აქტუალურ კითხვას, მათ შორის, დავესწროთ კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებს, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ განხილვის პროცესში. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ობიექტური, ღია და კონსტრუქციული სამუშაო საკანონმდებლო პროცესი არის იმის გარანტი, რომ დასაბუთებულად/გააზრებულად და კანონმდებლობის მოთხოვნების განუხრელი დაცვით გადაწყდეს კანონპროექტების მიღების როგორც მიზანშეწონილობა, ასევე განისაზღვროს/ჩამოყალიბდეს მათი საბოლოო შინაარსი“, - ნათქვამია მიმართვაში და მას ხელს აწერენ:

შპს „კავკასუს ონლაინი“
შპს „მაგთიკომი“
შპს „დელტა კომმი“
შპს „ახალი ქსელები“
შპს „ სი–ჯი–სი“
შპს „ახტელი“
შპს „სისტემ ნეტი“
შპს „ფოპტნეტი“