მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესია გადასარჩენი, თორემ ქვეყანა აღარ გვექნება” - იურისტი შესაძლო „ლოქდაუნის“ ეფექტზე

5fb7818d4f830
თელარა გელანტია
20.11.20 12:40
2331
იურისტი რაულ აგიკიანი Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც შესაძლო „ლოქდაუნის“ ბიზნესსა და ეკონომიკაზე გავლენაზე წერს. იურისტის აზრით, მართალია, ინფიცირების და გარდაცვალების მზარდი შემთხვევები ზრდის ხელისუფლების ცდუნებას, რომ ისევ ჩაკეტოს ქვეყანა, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს სხვა კუთხითაც შეხედოს საზოგადებამ. რაულ აგიკიანი მთავრობას მოუწოდებს, მინიმუმ 2-3 კვირით ადრე დადოს კონკრეტული გეგმა და სტრატეგია, თუ რას აპირებენ. „შეზღუდვა წერტილოვანია თუ სრული - წინა დღეს რომ აცხადებ და მეორე დღიდან იწყებ - სიგიჟე და აბსურდია”, - წერს იურისტი, რომლის პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ყოველდღიურად გაზრდილი კოვიდინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ზრდის ხელისუფლების ცდუნებას, რომ კვლავ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“ და ჩაკეტოს ქვეყანა. მე არ ვისაუბრებ იმაზე, საჭიროა თუ არა ამის გაკეთება (ჩემი პირადი აზრით მომზადება შეიძლებოდა ამ 6 თვის განმავლობაში ისე, რომ რეალურად ამის საჭიროება არც დადგებოდა - ოჯახის ექიმების გადამზადება, კლინიკების აღჭურვა, აპარატურის, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი ინვენტარის მომარაგება, საველე ჰოსპიტალების მოწყობა, სამედიცინო სექტორის გადამზადება, კერძო სადაზღვევო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია და ა.შ.);

უბრალოდ, მინდა შეხედოთ ამ ყველაფერს კიდევ სხვა კუთხით:

1. ამ ქვეყანაში თუ რამე მუშაობს, ესაა კერძო სექტორი! ყველა დანარჩენ მიმართულებებს სწორედ ის ბიზნესი არჩენს, აწვდის რესურსებს და აცოცხლებს, რომელიც ასე ძალიან ეზიზღებათ ქართველ „ლევაკებს“ თუ ხელისუფლებაში მყოფ იმ ჩინოვნიკებს, თავის ცხოვრებაში კერძო ბიზნესი რომ არ უწარმოებიათ ან თუ ქონიათ ასეთი ბიზნესი - „დაკრიშული“ და „დალაგებული“ მხოლოდ“;

2. კერძო სექტორს ჭირდება სტაბილურობა! სტაბილური ფისკალური, მონეტარული, პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური გარემო!

3. ამ ქვეყანაში, სადაც:
· წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ პოლიტიკური რყევებია;
· დედაქალაქიდან 40 კილომეტრში დგას ოკუპანტის ტანკები;
· ქვეყნის 20% ოკუპირებულია;
· მახინჯი ურბანიზაციაა;
· სოფლად ცხოვრობს მოსახლეობის 50%, რომელიც მშპ-ის მხოლოდ 10%-ს აწარმოებს;
· მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღარიბია და ა.შ. სტაბილურობა ნამდვილად არაა ჩვენს ქვეყანასა თუ რეგიონში ისეთი, რომელსაც ბიზნესისათვის სასურველი და სახარბიელო ჰქვია!

4. ამ ფონზე ნებისმიერი ჩაკეტვა, შეზღუდვა, გართულება:
· უნდა იყოს წინასწარ გათვლილი;
· განსაზღვრული;
· მაქსიმალურად ადაპტირებული (ისეთი არა ცხელ ხაზზე არავინ რომ არ პასუხობს, ან - პასუხობენ რომ „არ აქვთ პასუხი შეკითხვებზე“;
· გონივრული;
· გამჭვირვალე;
· თანასწორი (თორემ ზოგიერთი რომ თანასწორია და ზოგიერთი უფრო მეტად - ვიცით და ვნახეთ);
· მაქსიმალურად მოკლევადიანი.

5. ასევე, აუცილებელია სახელმწიფომ დამატებითი პრეფერენციები შესთავაზოს ასეთ შემთხვევაში ბიზნესს:
· გადასახადებისაგან გათავისუფლება (გადავადება დიდი ვერაფერი შეღავათია) და საგადასახადო ამნისტია;
· ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვების გამარტივება;
· საშვების თუ სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მარტივად მოპოვება;
· კონსულტაციები და შეხვედრები თუნდაც ონლაინ რეჟიმში;
· სახელიმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შემსუბუქება;
· ღიაობა და გამჭვირვალობა;
· მედიაცია და ფასილიტატორობა ბანკებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან და ა.შ.

6. თორემ არ გვექნება მალე საქმე არც საჰალსტუხოდ, არც საპრემიოდ, არც საშავჯიპებოდ! არ გვექნება! იცით, რატომ?
იმიტომ რომ ბიუჯეტში არ გვექნება ფული! და თუ ბიუჯეტში არ გვექნება ფული:
· ხელფასს ვერ აიღებენ პოლიციელები, მასწავლებლები, ექიმები ...
· პენსიას ვერ აიღებენ პენსიონერები ...
· სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებენ უკიდურესად შეჭირვებული ადამიანები ...
· ქრთამის აღებას დაიწყებს პატრული და ა.შ.

7. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაკოტრდებიან და ვალაუვალები გახდებიან თვითდასაქმებული პირები, მცირე ბიზნესმენები და სხვა უამრავი ადამიანი.

ამიტომ, მოიხსენით ჰალსტუხები ზემოთ, ჩამოდით ქვემოთ, ესაუბრეთ ამ ხალხს და წინასწარ, მინიმუმ 2-3 კვირით ადრე დადეთ კონკრეტული გეგმა, სტრატეგია, ხედვა - რას და როგორ აპირებთ? სად დახარჯავთ დახმარებებს და რას მოხმარდება ეს ყოველივე!

გაგვარკვიეთ რას და როგორ აპირებთ ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში თუ ერთ თვეში! სისულელეა იმის თქმა, რომ წინასწარ ამას ვერ გათვლი - თუ კარგად იმუშავებ და სრულ ინფორმაციას დაამუშავებ - სავსებით შესაძლებელია აღნიშნული!

არაა გამოსავალი ეს ნაჩქარევი და ჰაი-ჰარალოზე მიღებული გადაწყვეტილებები! თორემ შეზღუდვა წერტილოვანია თუ სრული - წინა დღეს რომ აცხადებ და მეორე დღიდან იწყებ - სიგიჟე და აბსურდულობაა!

ბიზნესი არის გადასარჩენი თორემ ქვეყანა აღარ გვექნება საერთოდ! აღარ გვექნება! ვინც გადავრჩებით - ოთხივე კუთხით გასაქცევის ძებნას დავიწყებთ!”, - წერს იურისტი სოციალურ ქსელში.