მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის აზრით, კომპანიების მიერ კოვიდ-პასპორტის ინდივიდუალური ამოქმედება ვერ იმუშავებს

61719da8f31f5
თათია ჩაფიჩაძე
21.10.21 22:00
695
ბიზნესი ხელისუფლებას ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებას კიდევ ერთხელ სთხოვს. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში, ესთეტიკური ცენტრი „არტ სტუდიოს“ დირექტორმა იონა ჯიქიამ განმარტა, გაზრდილი კონკურენციის გამო კომპანიები ინდივიდუალურ დონეზე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ.

„ესთეტიკურ ცენტრებში მომუშავეების 95% აცრილები არიან. ჩემი აზრით, აუცილებელია რომ შემოვიდეს კოვიდ პასპორტი, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ჩვენი გადაწყვეტილებებით. ამაში დიდი როლი უნდა ითამაშოს სახელმწიფომ. თუ სახელმწიფომ ეს არ გააკეთა, მე რომ გავაკეთო და ჩემნაირი ობიექტი ძალიან ბევრია, მე თუ არ მივიღებ აუცრელ მომხმარებელს, ვიღაც სხვა მიიღებს, ჯერ ქვეყანაში ისედაც კატასტროფული სიტუაციაა ამ ჩაკეტვებიდან გამომდინარე. 

სწორი ინფორმაცია უნდა მივიდეს მოქალაქემდე, რომ ვაქცინა გაიკეთოს. ჩემ ირგვლივ იყო შემთხვევები, როდესაც მივიდნენ ასაცრელად და ამცრელმა უთხრა „მოგცლიაო,“ რომ მოვდივარ სტიმული უნდა მომცე იმის რომ ავიცრა, იმიტომ რომ ბევრი დგას ჩემ უკან.

სანამ ვაქცინა გამოვიდოდა, ხალხი იმას ამბობდა, როდის იქნება რომ გავიკეთოთო, ახლა რაც ხდება ეს იმის ბრალია რომ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია არ ხდება“ - განაცხადა ჯიქიამ.

ე.წ. მწვანე პასპორტების მნიშვნელობაზე საუბრობენ ფიტნეს დარბაზები. SNEP-ის ხელმძღვანელი სოფო სოლოღაშვილი ჩაკეტვების ნეგატიურ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათ ბიზნესს ერთი თვით ტრანსპორტის გაჩერება საშუალოდ ხარჯებს 15 ათასი ლარით უზრდის.

„ქვეყანაში, სადაც მხოლოდ 30%-ია ვაქცინირებული პანდემიის დასრულებაზე საუბარი ზედმეტი და ნაადრევია, ამიტომ ქმედითი ნაბიჯებია საჭირო და მხოლოდ ბიზნეს სექტორის მხრიდან არა, ერთობლივი გეგმა უნდა არსებობდეს რომ შემოვიღოთ კოვიდ პასპორტები. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა, მოკლევადიან პერიოდში ძალიან რთულია ინდივიდუალურად მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. ეს იქნება უდიდესი დარტყმა ისედაც დასუსტებული ბიზნესის არსებობის პირობებში", - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას სოლოღაშვილმა. 

მისივე თქმით, მისი კომპანია მიესალმება მწვანე პასპორტებს, - "თუ იარსებებს გეგმა ჩავერთვებით ამაში", - დასძინა მან.