„ვისოლ პეტროლიუმის“ ბენზინ-გასამართ სადგურებზე უახლოეს 2-3 კვირაში საწვავი კიდევ 10-20 თეთრით გაიაფდება. ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემმან BMGtv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში განაცხადა და იქვე დასძინა, რომ აგვისტოს დასაწყისიდან "ვისოლის" ქსელში საწვავი 70-80 თეთრით გაიაფდა და ეს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასის შემცირებით და ლარის კურსის გამყარებით აიხსნება. ამასთან, ინტერვიუში ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა და შესაბამისად, ნავთობიმპორტიორი კომპანიები საწვავის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებზე არიან დამოკიდებული.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საწვავის ფასებთან დაკავშირებით ბიზნესთან კითხვები მთავრობასაც ჰქონდა. შედეგად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევაც დაიწყო.
- ბატონო სოსო, ნავთობიმპორტიორებს ხან პრემიერ-მინისტრი მოგიწოდებთ საწვავის გაიაფებისკენ, ხან კონკურენციის სააგენტო, ასე ვთქვათ, მიგითითებთ - სადაა უფრო იაფი. როგორ ფიქრობთ, მთავრობას უფრო ჭკვიანი ჰგონია თავი, თუ გარკვეულწილად ბიზნესის „დატუქსვით“ საზოგადოების გულის მოგებას ცდილობენ?
- გახსოვთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდანვე ფასები ნავთობსა და შესაბამისად, ნავთობპროდუქტებზე მყისიერად გაიზარდა. ცოტა ხნის შემდგომ, იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც ამ ორ ქვეყანას შორის თითქოს დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამ პერიოდს დაემთხვა აშშ-ის მიერ სარეზერვო მარაგებიდან ღია ბაზრისთვის ნავთობის მიწოდება, რაც მიზნად ისახავდა საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების შემცირება/სტაბილიზაციას. აღნიშნულმა პროცესებმა ჩვენც გაგვიჩინა განცდა, რომ ფასები ქვემოთ წამოვიდოდა და ამის თაობაზე ბაზრის ოპერატორებმა გავაკეთეთ კიდეც შესაბამისი განცხადებები. შესაბამისად, მაშინ პრემიერსა და მთავრობას, ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით, ობიექტური საფუძველი ჰქონდათ ეთქვათ, რომ ფასები შემცირდებოდა, თუმცაღა ყველას გახსოვთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა და ნავთობის გაძვირება სწრაფი ტემპებით გაგრძელდა.
- ჯამში, მაინც ისე გამოვიდა, რომ თითქოს პრემიერმა დაგავალათ ფასების შემცირება?
- არა, ბუნებრივია, ეს არ არის სიმართლე. გარედან შეიძლება სხვადასხვა თემა ვინმეს მიერ სხვადასხვანაირად იკითხებოდეს, რეალურად, ხომ ასე არ ხდება. ღმერთმა დაგვიფაროს, მთავრობა გვავალებდეს, რა ფასი ჰქონდეს ამა თუ იმ სერვისს თუ პროდუქტს. ეს არანაიარად არ არის სიმართლე, ასეთი რამ რომ ხდებოდეს ის არასოდეს არ დაიმალება.
- თუმცა ასეთი განცხადებების შემდეგ მეტი ფიცი გიწევთ მოქალაქეებთან, მომხმარებელთან - რატომ ვერ აიაფებთ საწვავს მაშინვე, როცა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი მცირდება.
- ბიზნესის კეთება გარკვეული ტვირთია; როცა აქტიურობ და გარკვეულ საქმეს თუ საქმეებს აკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მხრებზე გარკვეულ ტვირთს იდებ და შემდეგ ატარებ კიდეც ამ ტვირთს. როდესაც ტვირთს ატარებ, ყოველთვის მზად უნდა იყო გამოწვევების, არასასიამოვნო კითხვებისთვის თუ სხვა. ყოველთვის ვცდილობ, ემოციურად არ შევხედო მსგავს საკითხებს. ნერვიულობას აზრი არ აქვს. რაციონალურად, მშვიდად უნდა გადაწყვიტო ყველა საკითხი. ზოგი აფექტის დროს იღებს გადაწყვეტილებას და იღუპავს თავს და აფუჭებს საქმესაც. მე ასეთ შემთხვევებში შემდეგნაირად ვიქცევი - ორ-სამ დღეს „ვყიდულობ“, ვიცდი. ამ პერიოდის გასვლის შემდგომ, როგორც წესი, პრობლემის 90%-ით ჩემი ჩარევის გარეშე წყდება; დარჩენილი 10%-ის გადაწყვეტას კი სწორი ანალიზის საფუძველზე ადვილად ვახერხებ. მე არ გავურბივარ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ამ ქვეყანაში ვაკეთო ბიზნესი და ვატარო ეს ტვირთი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ.
- „საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტი“ - ასე ჰქვია მოკვლევას, რომელსაც კონკურენციის ეროვნული სააგენტო ატარებს. პირველ რიგში, რა ინფორმაცია გამოითხოვა სააგენტომ„ვისოლისგან“, ასევე მაინტერესებს, ყურს არ გჭრით მოკვლევის სახელი და რამდენად თავდაჯერებული ხართ იმ თვალსაზრისით, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი - „კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ამკრძალავი მოთხოვნების შესაძლო დარღვევის ფაქტი“ არ დადგინდება?
- პირველი, ბატონ ირაკლი ლექვინაძეს და მის უწყებას პატივს ვცემ. ასეთი სტრუქტურა ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს. მეორე, ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედება ჩემთვის გასაგები და მისაღებია.
- გასაგებია თუ გაგებით ეკიდებით?
- ჩემთვის ეს ერთი და იგივეა… ოფიციალურ შეხვედრაზეც ვუთხარი ირაკლი ლექვინაძეს, რომ გამოითხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია და ეს დაიწყონ ჩვენი კომპანიიდან.
- ანუ თავდაჯერებული და თამამი ხართ?
- რასაკვირველია, ჩვენს ქმედებებზე ყოველთვის თამამი ვარ.
- ისე კარგია, ერთხელ და სამუდამოდ დადგინდება ვინ რა წესებით თამაშობს ბაზარზე…
- დიახ. მე, ზოგადად, ერთი რამ ვიცი, როდესაც ადამიანი არასწორ ნაბიჯს დგავს, ვაჟკაცობა უნდა გეყოს და ბოდიში მოიხადო, მაგრამ თუ ხედავ იმას, რომ შენ მართალი ხარ და ვინმე არასწორს ამბობს შენზე, არ ღირს ამაზე გამოკიდება. არ მიყვარს ვინმეზე ცუდის თქმა - ასე მასწავლეს ოჯახში. საბოლოო ჯამში, სიმართლე მაინც არასოდეს არ იკარგება და საზოგადოება იგებს ყველაფერს - კი ვიცით ორივემ, რომ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი