მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესის ლობისტი ვარ, მაგრამ ბიზნესს საჩუქარი არ სჭირდება“ - მამუკა ხაზარაძე

60d58ecdccad4
ინგა მურუსიძე
25.06.21 12:23
1048
1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა მაისში დასრულდა. დახმარების ფარგლებში ხელფასის პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლებული იყო. 750-დან 1500 ლარამდე თანხა კი - ნახევრად გათავისუფლებული. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, პროგრამის შედეგად, ბიზნესმა ბოლო 12 თვის განმავლობაში 500 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომლის თანახმად, შეღავათების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას ითხოვს, თუმცა მთავრობის პოზიციაა, რომ აღნიშნული ხარჯი 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, ამიტომ დაახლოებით, 250 მლნ ლარის მოძიება გაჭირდება. 

სწორედ გიორგი ვაშაძის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც კანონპროექტის ავტორს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა, ნაწილმა კი - ინიციატივის კორექტირება შესთავაზა. მათ შორისაა,  „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ინიციატივის მხარდაჭერისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ბიზნესს სჭირდება არა ერთჯერადი დახმარება, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური რეფორმა, რაც შეიძლება, საშემოსავლო გადასახადის შემცირებაც კი იყოს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა, ღარიბი ბიუჯეტი და ძირითადად მიმდინარეობს ამ „პატარა ტორტის“ ნაწილებად გაყოფა. სულ იმაზე მიდის საუბარი, ეს პატარა ბიუჯეტი როგორ გადავანაწილოთ. არავინ ლაპარაკობს როგორ გავზარდოთ ის და როგორ შევქმნათ „დიდი ტორტი“. ასეთი დამოკიდებულება კრიზისის დროს კარგია, მაგრამ საჭიროა, ეკონომიკური დასაბუთება თუ რა რესურსით ვაფინანსებთ ამას. მე ბიზნესის ლობისტი ვარ, მაგრამ ბიზნესს საჩუქარი არ სჭირდება. ბიზნესს სჭირდება სერიოზული ეკონომიკური რეფორმა და თავის თავს თვითონ მიხედავენ.

მე გთავაზობთ სხვა გამოსავალს, თუ გვინდა, რომ შემოსავალი გავზარდოთ, საშემოსავლო გადასახადი უნდა დავწიოთ. თუ 20%-დან საშემოსავლო გადასახადს დავწევთ 18%-მდე ან 15%-მდე, გარანტიას გაძლევთ, რომ მივიღებთ მშპ-ის სერიოზულ დანამატს, ისე როგორც სერიოზულ შემოსავალს ბიუჯეტი“, - მიმართა მამუკა ხაზარაძემ გიორგი ვაშაძეს და შესთავაზა დახმარება, ეს საკითხი მომზადდეს პარლამენტში, თუნდაც დაჩქარებულად და მთავრობას დასამტკიცებლად შესთავაზონ.

თავის მხრივ, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის ინიციატივა მისაღებია, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივაა და ამაზე მსჯელობა შეიძლება, მაგრამ - მოგვიანებით.

"მთავრობა წარსდგება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე და უნდა დაასაბუთონ თავიანთი პოზიცია ჩემს ინიციატივასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, დღეს ბიუჯეტში ამის რესურსი არის. გაცილებით მეორეხარისხოვან საკითხებზე იხარჯება თანხები და შეიძლება ამ თანხების გამოძებნა იმისთვის, რომ დავეხმაროთ ბიზნესს.

რაც შეეხება წინადადებას, არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები ყველა საქმეში, მეც მომხრე ვარ გადასახადების შემცირების და საშემოსავლო გადასახადის შემცირება/გაუქმების. ვფიქრობ, შეიძლება ერთი გადასახადითაც იყოს ქვეყანა, მაგრამ ეს კანონპროექტი არ ეხება ერთ რომელიმე სექტორს, ეს ეხება იმას, რომ შემდგომი 6 თვის მანძილზე ნაკლები იქნება გადასახადები ბიზნესისთვის, რადგან ყველა, 750 ლარი აღარ დაიბეგრება. ეს 6 თვე, როცა საკითხი იმოქმედებს, ამის შემდეგ დავიწყოთ მაგაზე მსჯელობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.