მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის მოლოდინები მთავრობისგან: "ვინ გადარჩება - პროგნოზირება რთულია"

5e835369ba821
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.20 10:30
1574
"დღევანდელი მდგომარეობის პროგნოზირება ძალიან რთულია - ვინ გადარჩება და ვინ - არა", - ასე აფასებს BM.GE-ისთან საუბრისას კორონავირუსის გავლებას ქართულ ბიზნესზე კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისი თქმით, გაჩერებული ბიზნესებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა იქნება, რაშიც ხელისუფლება კერძო სექტორს უნდა დაეხმაროს.

„როდესაც ეს ყველაფერი გადაივლის, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ბიზნესებს ექნებათ, ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ამ მიმართულებით იქნება სამუშაო, რომ ბიზნესმა ისევ დაიწყოს ფუნქციონირება და ჰქონდეს ფინანსებზე წვდომა და ამაში ვხედავ ხელისუფლების როლს, მათ შორის ეროვნული ბანკის და ზოგადად ამ სისტემის მხრიდან.

კრედიტებს ვგულისხმობ: როდესაც ბიზნესს ნაღდი ფული აღარ ექნება და ქეშზე წვდომაა პრობლემა იმისთვის, რომ შენი ბიზნესის ოპერირება განახორციელო; ამ დროს საკრედიტო ხაზებს - სესხებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კომპანია რომელიც პირობითად რამდენიმე თვე არაოპერაციული იყო, შესაბამისად, მას არ ექნება გარანტია იმისთვის, რომ სესხი მიიღოს და აქ სახელმწიფოს დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ წვდომა ფინანსებზე ნომერ პირველი თემაა“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, გადამცვლელი ჯიხურების დახურვა ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის, იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ამ პერიოდში მიიღო ხელისუფლება.

„რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ლარის კურსი განსაზღვრავს დიდწილად ინფლაციას, აბსოლუტურად სპეკულაციური კურსია ამოვარდნილი კონტექსტიდან, ეს არ არის დღევანდელი ეკონომიკის მზომელი. დღეს გვარცელდა ინფორმაცია სავალუტო ჯიხურების დახურვის შესახებ, ეს საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების პირველივე დღეს უნდა განეხორცილებინათ, იმიტომ რომ ზუსტად გვარ-სახელით ვიცით ვინ ყიდულობს დოლარს. ახლა აკადემიური მიდგომების დრო არ არის, ახლა არის საგანგებო მდგომარეობა. ეს იყოს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ამ პერიოდის განმავლობაში. დღეს დღის წესრიგს ჩვენ არ ვქმნით, კორონა ქმნის და ჩვენ უნდა მივყვეთ ფეხდაფეხ და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება.

ბაზარზე ამ ეტაპზე უფრო მეტი ლარია, ვიდრე უნდა იყოს. ინტერვენციები ლარის კურსის დასტაბილურებაში ნაკლები თემაა, ეს კარგია, თუმცა არა ერთადერთი გამოსავალი. კომუნიკაციას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბუნებრივი მდგომარეობა შენარჩუნდეს და არა სპეკულაციური, რაც შოკითაა გამოწვეული, თუმცა ამის მიმართ ჩვენ პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებთ. დღეს ვიღაც უნდა იჯდეს ტელევიზიით და უნდა საუბრობდეს გვარებით და სახელებით, რომ ეს არასწორად იქცევა, აჟიოტაჟია, ეს აწვება ეკონომიკას, თორე ასე მიშვება რომ მცურავი კურსია და მე ინფლაციას ვუყურებ და ამის შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების კუთხით ჩავერები, ინფლაცია უკვე გაგვექცა. ის სტანდარტული კლასიკური მიდგომები თურმე არ მუშაობს, ამიტომ სხვა რაღაც უნდა მოიფიქრონ. დაწყნარებული ცხოვრების რეჟიმი აღარ გვაქვს, შესაბამისად, სხვა მოქმედებებზე უნდა გადავიდნენ", - ამბობს "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.