მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ნაწილი ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს

5f15b1039dd1c
ელენე გოგბერაშვილი
20.07.20 20:20
1149
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში, სადაც ევროკავშირის ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევებზე მსჯელობდნენ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გადავადების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც BM.GE-ს „ნატახტარის“ კორპორატიულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა, შექმნილ კრიზისულ პერიოდში კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანია გადავადდეს გადასახადები და ასევე იმ ვალდებულებების ამოქმედების დრო გადაიწიოს, რაც ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსების საჭიროებას აჩენს.

„მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი, როგორც გადასახადების გადავადება, ისე ყველა იმ რეგულაციის გადავადება რაღაც დროის განმავლობაში, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური წნეხი, თუნდაც ეს იყოს ის რეგულაციები, რომელიც ევროკავშირის ასოცირების ვალდებულებით არის აღებული, ეს ადვილი მოსალაპარაკებელია, ჩემი აზრით, რომ რეგულაციების, თუნდაც ერთი წლით, გადავადება მოხდეს“-აცხადებს ხუნძაკიშვილი.

მისი ამ მოთხოვნის საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე განმარტავს, რომ საკანონმდებლო კუთხით არსებულ გარდამავალ პერიოდში ზუსტად არის გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რა საჭიროებაც დასაბუთებულად მოდის ბიზნესისგან.

„რეგულაციების გადავადებაზე იყო მოსაზრება კერძო სექტორის მხრიდან, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარდამავალი პერიოდი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საკანონმდებლო კუთხით, ზუსტად არის გათვალისიწინებული ის მოთხოვნები, რაც კერძო სექტორთან კონსულტაციების გზით მათ გააჩნიათ, ამიტომ ყოველთვის, ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაგალითს, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ კერძო სექტორის ინტერესს, როდესაც მათ სჭირდებათ ამ რეგულაციის დანერეგვასთან დაკავშირებით კონკრეტული დრო.

გარდამავალი პერიოდი არ არის საუკეთესო გამოსავალი, რადგან ნებისმიერი გადავადებული რეგულაცია ნიშნავს, რომ ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა გადაგვივადდება“, - აცხადებს გენადი არველაძე.