მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის პასუხი რეგულაციებზე: "ევროპაბეთმა" ამავე ბრენდის ლუდი გამოუშვა

621f9268bf958
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.22 20:31
5123
კომპანია „ევროპაბეთ საქომაგომ“ ამავე დასახელებით ახალი პროდუქტის ლუდის წარმოება დაიწყო. აღნიშნული ვიდეო-რგოლი კომპანიამ Facebook გვერდზე გაავრცელა.

აღსანიშნია, რომ 1-ელი მარტიდან საქართველოში ონლაინთამაშების კომპანიებისთვის რეგულაციები ამოქმედდა, რომლითაც აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება, იზღუდება ონლაინთამაშებზე წვდომა და წესდება შეზღუდვები ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების მიხედვით.

BM.GE ახალი პროდუქტის გამოშვების დეტალებთან დაკავშირებით „ევროპაბეთის“ ფინანსურ დირექტორს გიორგი ნიჟარაძეს დაუკავშირდა. კომპანიაში ლუდი „საქომაგოს“ ბაზარზე ჩაშვებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ საწყის ეტაპზე ლუდი 12 000 ცალი ბოთლის რაოდენობით აწარმოეს და მისი შეძენა მსურველებს Glovo-ს სერვისით უკვე შეუძლიათ.

„ლუდ „ევროპაბეთ საქომაგოს“ წარმოება ამავე სახელწოდების კომპანიის სახელით ლუდსახარშ Bayo Brewery-სთან პარტნიორობით შევძელით. ეს მწარმოებელი ლუდს ირლანდიური მეთოდით აწარმოებს და დღეს ჩვენი 330 მ/ლ ლუდის შეძენა Glovo-ზე უკვე შესაძლებელია. პირველი სამი თვე შევხედავთ როგორი იქნება ინტერესი ჩვენი ლუდის მიმართ. ჩვენს ვიდეორგოლს, რომელიც დღეს ჩავუშვით ჩვენი გვერდისა და ონლაინსაიტების საშუალებით გავავრცელებთ და მერე განვითარების შემდეგ ეტაპზე ვიფიქრებთ, რაც ლუდის ბარებსა და რესტორნებში შეტანას გულისხმობს“, - განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.

კითხვაზე - არის თუ არა ეს კომპანიის პასუხი სახელმწიფოს მიერ დარგისთვის დაწესებულ რეგულაციებზე - გიორგი ნიჟარაძე ამბობს, რომ „კი“.

„ვნახოთ, როგორი ინტერესი იქნება ლუდის მიმართ... მაგალითად, დღეს შემოსავლების სამსახურსა და კომპანიას შორის კონსულტაციები ამ საკითხზე, თუმცა ჩვენ არაფერს ვარღვევთ, ლუდის წარმოება ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ დაიწყო.

ამ პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გვინდოდა, სანამ პრემიერ-მინისტრი დარგთან მიმართებით თავის ინიციატივას გააჟღერებდა, თუმცა მაშინ სხვასთან ვთანამშრომლობდით და ამან შეგვაჩერა. ინიციატივის გაჟღერების შემდეგ კი გავაანალიზეთ ყველაფერი და ლუდის გამოშვება სწორედ ახლა გადავწყვიტეთ. რეალურად არაფერს ვარღვევთ. ჩვენ შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელსაც მივაწვდით მომხმარებელს“, - განმარტა „ევროპაბეთის“ ფინანსურმა დირექტორმა.

თემაზე bm.ge შემოსავლების სამსახურსაც დაუკაშირდება.