მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებმა შვეიცარიული კომპანიების დიდი ინტერესი გამოიწვია - ეკონომიკის სამინისტრო

62ac356756e35
BM.GE
17.06.22 12:12
677
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებსა და ბიზნესგარემოს მიეძღვნა. ღონისძიება შვეიცარიის ქალაქ ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოსა და შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ჟენევის ვაჭრობის, მრეწველობისა და სერვისების პალატის პარტნიორობით, ჩატარდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიის საქმიან წრეებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალისა და განახლებადი ენერგიის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის მიმართულებებით საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

მინისტრის მოადგილემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და კერძო სექტორის მიზნობრივი მხარდამჭერი პროგრამების შედეგად, საგარეო შოკების მიუხედავად, პოზიტიურია დინამიკა ეკონომიკური აქტივობის, საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის და სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით.

გენადი არველაძის განცხადებით, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა, ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო. მისი თქმით, იანვარ-აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს, თუმცა სავსებით რეალისტურია უფრო მაღალი ზრდაც.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს და შვეიცარიის ეკონომიკურ კავშირებზე და აღნიშნა, რომ მათ განვითარებას განსაკუთრებული ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ. გენადი არველაძის თქმით, მხოლოდ 2022 წლის 4 თვეში სავაჭრო ბრუნვა შვეიცარიასთან 34 პროცენტით, ხოლო საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი შვეიცარიის ბაზარზე 45 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მინისტრის მოადგილის შეფასებით, პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად სჭირდება ათვისება.

გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აგრეთვე საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო - ლოგისტიკური მიმართულების შესახებ, სადაც ტვირთბრუნვა რეგიონში რთული გეოპოლიტიკური მოქმედებების დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მსხვილ სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდ აშენდება.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის სტიმულირების სამთავრობო პროგრამებზე, რამაც შვეიცარიული კომპანიების წარმომადგენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

მრგვალ მაგიდაში შვეიცარიის მხრიდან მონაწილეობდა ეკონომიკის ფედერალური დეპარტამენტის (სამინისტრო) SECO და 40 – ზე მეტი შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და შვეიცარიის გაერთიანებულ სავაჭრო პალატას შორის.