მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის წერილი პრემიერს - რა პრობლემები აქვს მეფრინველეობის დარგს?

5f68a99b7d540
ელენე გოგბერაშვილი
21.09.20 19:15
1042

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე გაგზავნილ წერილს ხელს მეფრინველეობის დარგში ჩართული 16 კომპანიის ხელმძღვანელი პირი აწერს. მწარმოებლები ირწმუნებიან და გიორგი გახარიას ატყობინებენ, რომ ბოლო პერიოდში იმპორტირებული კვერცხი და ქათმის ხორცი ადგილობრივ ბაზარზე დემპინგურ ფასად იყიდება.

ბიზნესი აცხადებს, რომ პანდემიის და ლარის გაუფასურების გამო გაძვირებულმა ნედლეულმა პროდუქციაზე ფასის მკვეთრი ზრდა განაპირობა, ამას დაემატა ისიც, რომ იმპორტირებული პროდუქტი თითქმის განახევრებულ ფასად იყიდება ბაზარზე, რაც ქართულ წარმოებას პირდაპირ დარტყმას აყენებს.

პრემიერის და სოფლის მეურნეობის მინისტრის სახელზე წერილი კომპანიებმა მიმდინარე წლის 30 ივლისს გაგზავნეს, აგვისტოს დასაწყისში კი, სექტორს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი შეხვდა. როგორც ბიზნესი ამბობს, ამ შეხვედრის შემდეგ კვერცხის მწარმოებლების პრობლემა გარკვეულწილად მოგვარდა, რადგან ვადიანობასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტიორების მიმართ მსგავსი მოთხოვნები აამოქმედა, რაც აქამდე მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებლებზე ვრცელდებოდა.

„საქართველოში კვერცხს შენახვის 21-დღიანი ვადა აქვს, მაგრამ იმპორტირებული კვერცხი შემოდიოდა 30-40 დღიანი შენახვის ვადით, რომელიც იმ ქვეყნებშია მიღებული, საიდანაც ხდებოდა იმპორტი. რაც ყველაზე მთავარია, იმპორტიორების უმეტესი ნაწილი არ ფლობს შესანახ მეურნეობას და ჯანსაღი კვერცხიც რომ შემოსულიყო, მისი აქ შენახვა გაჭირდებოდა.

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სეს-ს დაეყენებინა იგივე მოთხოვნები იმპორტიორებისთვის, რა მოთხოვნებსაც ჩვენ გვიყენებენ. პარტნიორულად მიუდგნენ, მოხდა შემოწმება და ვადაგადაცილებული კვერცხი ბაზრიდან ამოიღეს, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია თუ ჰყოფნის კვერცხის შემთხვევაში, ვერ ჰყოფნის - ხორცის შემთხვევაში“, - აცხადებს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ აგვისტოს დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზრიდან 71 ათას ცალზე მეტი სასურსათო კვერცხი ამოიღო და გაანადგურა.

პრობლემა კვლავ რჩება ქათმის ხორცის მწარმოებლებისთვის. ბიზნესი ამბობს, რომ იმპორტირებულ პროდუქტს არ აქვს ქართულ ენაზე წარწერა, არის შეუფუთავი, არ აქვს მითითებული ვადები და მიკვლევადობა დარღვეულია. ასეთი გაურკევევლი წარმოშობის პროდუქტი კი, ადგილობრივთან შედარებით ბაზარზე განახევრებულ ფასად იყიდება, რაც ქართველ მწარმოებლებს გარკვეულ ეჭვებს უჩენთ.

„ხორცს ვერ შევზღუდავთ, რადგან თვითდაკმაყოფილება არის მესამედი და განსაზღვრული რაოდენობა უნდა შემოვიტანით. აქ დგება საკითხი, რომ რამდენიმე სამინისტრომ ბიზნესთან ერთად გადაწყვიტოს რა ვქნათ და რა გზით წავიდეთ, რომ წარმოებასაც ხელი შევუწყოთ და არც  მოსახლეობისთვის გავაძვიროთ პროდუქტი. თუ გვინდა, რომ გვქონდეს ქართული წარმოება, თუ გვინდა ჯანსაღი პროდუქტი, რაღაც რეგულაცია სახელმწიფომ უნადა შემოიღოს. არის აბსოლუტური განუკითხაობა; ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც შეუძლია და საიდანაც შეუძლია ის შემოიტანოს. მინიმალური ბარიერია, რომელსაც ყველა ლახავს, ხოლო ჩვენი პროდუქტი რომ გავიტანოთ გარეთ, ყველგან კარი გვაქვს ჩაკეტილი.

დემპინგური ფასის მტკიცება არ გამოგვივა, რადგან ამას თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ როცა რაღაც თურქეთში ღირს 1 დოლარი, ის საქართველოში 50 ცენტში არ უნდა იყიდებოდეს, ხომ? აქ ფასი მეტყველებს თვითონ, რომ კონკრეტული ქვეყანა და მწარმოებელი ახდენს მეზობელი ქვეყნის ბაზრის დაპყრობას. ბევრი იმპორტიორია, აქედან უმეტესი ნაწილი კეთილსინდისიერად ახდენს ოპერირებას, მაგრამ არის 1-2 გამონაკლისი, რომელსაც საეჭვო ფასები აქვს... აქ რაღაც ხდება, რაზეც ჩვენ მწარმოებლებს არ მიგვიწვდება ხელი... როცა ლარი გარბის, როცა მსოფლიო ბაზარზე ქათმის ხორცის ფასი იზრდება, საქართველოში ერთი და ორი ფირმის მიერ შემოტანილი პროდუქციის ღირებულება არ უნდა იაფდებოდეს. აქ კონკრეტულ ფირმებზეა საუბარი, რომლებიც ასეთი დაბალი ფასებით მუშაობენ და ადგილობრივ წარმოებას არ აძლევენ განვითარების შესაძლებლობას“, - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.

ცნობისთვის: წლის განმავლობაში ქვეყის მოსახლეობა, დაახლოებით, 77,6 ათას ტონა ქათმის ხორცს მოიხმარს, რომლის 35%-ია მხოლოდ ადგილობრივი წარმოების, 65% კი, იმპორტირებულია.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 51,683 ათასი ტონა ქათმის ხორცის იმპორტი განხორციელდა, წელს კი უკვე იმპორტირებულია თითქმის 31 ათასი ტონა ფრინველის ხორცი.

ბაზარზე განთავსებული ხორცის ნაწილი რომ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ამაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. როგორც სურსათის ეროვნული სამსახურიდან გვაცნობეს, წლის განმავლობაში 150-მდე მარკეტის ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა ისეთი 40 ობიექტი, სადაც ფრინველის ხორცი შეფუთვის გარეშე და ეტიკეტის წესების დარღვევით იყიდებოდა.

მფრინველეობის დარგის წარმომადგენლებს არსებულ პრობლემებზე ჯერ პრემიერთან არ უსაუბრიათ. მწარმოებლებს იმედი აქვთ, რომ კოვიდისა და არჩევნების ფონზე გიორგი გახარია დროს მათთვისაც გამონახავს.