მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესისთვის ბანკები, როგორც დაფინანსების წყარო, საკმარისი არაა - "ფორსაით კაპიტალი"

636f556691f6e
ალა ისპირიანი
13.11.22 20:15
939
„ფორსაით კაპიტალის“ საინვესტიციო ოფიცერი რატი მორჩილაძე მიიჩნევს, რომ ბიზნესისთვის მხოლოდ კომერციული ბანკებიდა დაფინანსების მიღება საკმარისი არ არის და ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები უნდა შეიქმნას; ასეთად კი მას საინვესტიციო ფონდები ესახება. 

რატი მორჩილაძემ გადაცემა „Forbes Talks”-ში ამ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ საინვესტიციო ფონდები საშუალებას იძლევა, ადამიანებმა საკუთარი დანაზოგები სარფიანად განათავსონ და მეორე მხრივ, ბიზნესს საფინანსო კაპიტალზე წვდომა ჰქონდეს.

„ყველა, ვინც ქართულ ეკონომიკასთან ახლოსაა, იცის, რომ ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბიზნესების არასათანადო დაფინანსება და დაფინანსების არასაკმარისი წყაროებია. კომერციული ბანკები დიდ როლს თამაშობენ ქართული ეკონომიკის განვითარებაში და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მათ, ზოგადად, კერძო სექტორის განვითარებაში საკვანძო როლიც ითამაშეს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში დაფინანსების მხოლოდ ეს წყარო საკმარისი არ არის. მოვიდა დრო, ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები შეიქმნას. კაპიტალის ბაზარი უნდა განვითარდეს. გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ისეთები როგორიც, მაგალითად, ჩვენ ვართ და მომავალში კიდევ ასეთები შეიქმნება. ეს ბიზნესის დაფინანსებისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის", - განაცხადა მორჩილაძემ.

მისი მოსაზრებით, დაფინანსება კონკრეტული კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული.

"უნდა არსებობდეს ბაზარზე პროდუქტები, რომლებიც პირდაპირ შესაბამისი იქნება კონკრეტული კომპანიის პროფილზე და მის საჭიროებაზე; მაგალითად, კონკრეტული ბიზნესი განვითარების რა ფაზაშია. მეორე მნიშვნელოვანი მხარე დანაზოგის დაბანდების მხარეა, რაც ჩვენს ქვეყანაში მწირ შესაძლებლობებს გულისხმობს, რაც დამზოგველებს და დეპოზიტორებს აქვთ“, - ამბობს ის და დასძენს, რომ „ფორსაით კაპიტალის“ მიზანიც ესაა, რომ საქართველოში საინვესტიციო კულტურის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყონ.

ცნობისთვის, „ფორსაიტ კაპიტალი“, როგორც საინვესტიციო ფონდი ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის მარტში დაარეგისტრირა. ფონდის დაგეგმილი მოცულობა $30 მილიონია, ვადიანობა კი - ხუთი წელი. ფონდმა რამდენიმე თვეა დანერგა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ყოველთვიურად შედეგებს აქვეყნებენ, რაც მათი მოსაზრებით, კაპიტალის ბაზრების მიმართ ცნობიერების ზრდას ხელს შეუწყობს.