16.ივნისი .2021 12:33

ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი მხოლოდ მშენებლობის სექტორში გაუარესდა - BAG-ის ინდექსი

ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი მხოლოდ მშენებლობის სექტორში გაუარესდა - BAG-ის ინდექსი
views 245
უკან

საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბიზნეს კლიმატის ინდექსის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სექტორების მიხედვით მაჩვენებლები მხოლოდ მშენებლობის დარგში გაუარესდა.

2021 წლის II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში გაუმჯობესდა და კვლავ დადებითია, გარდა მშენებლობის სექტორისა, სადაც მაჩვენებელი 37.7 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის I კვარტალშიც, სექტორებს შორის ბიზნესკლიმატის უარყოფითი მაჩვენებელი მხოლოდ მშენებლობის სექტორში ფიქსირდებოდა.

BAG ინდექსის ავტორები დარგში არსებულ მდგომარეობას II კვარტალში შემცირებული გაყიდვებით ხსნიან.

„2021 წლის II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება თითქმის ყველა სექტორში გაუმჯობესდა. სექტორებს შორის, მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე დადებითად მრეწველობის სექტორის მიერ შეფასდა, ხოლო მშენებლობის სექტორი ერთადერთია, სადაც მიმდინარე მდგომარეობის მკვეთრად უარყოფითი შეფასება დაფიქსირდა. აღნიშნულს გარკვეულწილად 2021 წლის II კვარტალში სექტორში შემცირებული გაყიდვები განაპირობებს. მოცემულ პერიოდში კომპანიების მიერ გაყიდვების ზრდა არ დაფიქსირებულა, ხოლო 37.5%-ისთვის გაყიდვები შემცირდა.



მშენებლობის სექტორში გამოკითხული კომპანიების 63%-ის განცხადებით, 2021 წლის II კვარტალში მათ მიერ დაწესებული ფასები საკმარისია მხოლოდ დანახარჯების დასაფარად ან ვერ ფარავს დანახარჯებს სრულად.

სექტორებს შორის, ბიზნესკლიმატის ყველაზე უარყოფითი შეფასება მშენებლობის სექტორში ფიქსირდება. შესაძლოა, აღნიშნულს გამოკითხული კომპანიების მიერ მიმდინარე მდგომარეობის მკვეთრად უარყოფითი შეფასება განაპირობებდეს. I კვ. 2020 – II კვ. 2021 პერიოდში, 2020 წლის III კვარტალი იყო გამონაკლისი, როდესაც მშენებლობის სექტორში მიმდინარე მდგომარეობა უარყოფითად არ შეფასდა. ეს, სავარაუდოდ, განპირობებული იყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით, რომელიც 2020 წლის ბოლომდე მოქალაქეების იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ითვალისწინებდა, თუმცა მიუხედავად ამ პროგრამისა, მშენებლობის სექტორის მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 2020 წლის IV კვარტლიდან უარესდება”, - აღნიშნულია ბიზნესის კლიმატის ინდექსში.

რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2021 წლის II კვარტალში, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის მაჩვენებელი დადებითია.

„სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური განწყობა ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა. აღნიშნულს გარკვეულწილად განაპირობებს დადებითი მოლოდინის არსებობა გაყიდვების ფასების ზრდის და გაყიდვების ზრდის მიმართულებით. 2021 წლის II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, მოლოდინის მაჩვენებელი გაუმჯობესდა ვაჭრობისა (25 პუნქტით) და მრეწველობის (23.9 პუნქტით) სექტორებში ხოლო მშენებლობისა (66.1 პუნქტით) და მომსახურების (6.9 პუნქტით) სექტორებში გაუარესდა“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა