მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო და უკვე ლოქდაუნებზეა ლაპარაკი - ლევან ყარალაშვილი

605c994287931
ინგა მურუსიძე
25.03.21 23:40
1338
"თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ 10-წლიანი ეკონომიკური გეგმის შემუშავებას ბიზნესი ცოტა იუმორით უყურებს, რადგან არსებული პანდემიის ფონზე, ეს უტოპიაა. როგორც მან BMG-ს გადაცემა “საქმის კურსის“ ეთერში აღნიშნა, მთავარი, რაც ბიზნესს სჭირდება, პროგნოზირება და განჭვრეტადობაა.

„გასული წლის ნოემბერში დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ რა სჭირდება ბიზნესს - ეს არის პროგნოზირება და განჭვრეტადობა. იმართებოდა შეხვედრები პრემიერ გახარიასთან, შემდეგ ეკონომიკურ გუნდთან, ფინანსურ გუნდთან. დიდი პროგრესი ამ შეხვედრებს არ მოუტანია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გადაწყვეტილებას, რაც გახსნას უკავშირდებოდა. დღეს ისევ იქ ვართ, ისევ საწყის წერტილზე, როცა კომუნიკაციის ნაკლებობაა. ბატონი გახარია ერთი თვის წინ გადადგა და არანაირი საქმიანი შეხვედრა თუნდაც ახალ პრემიერთან, იმაზე სალაპარაკოდ, ამ ეკონომიკურ კრიზისს როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ, არ გვქონია.

დაანონსებულია, რომ 10-წლიან ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს მთავრობა. დიდი პატივისცემით უნდა ვთქვა, რომ ცოტა იუმორით ვუყურებ მე ამას და ჩემ ირგვლივ მყოფი არაერთი ბიზნესმენიც, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოდი გვითხარით შემდეგ 10 დღეში რას გავაკეთებთ, წლის ბოლომდე, ერთ წელიწადში რა გეგმა გვაქვს. დღეს 10-წლიანი გეგმის გაკეთება უტოპიაა. ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური კრიზისია და ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული“, - განაცხადა ყარალაშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესმა ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო, თითქოს რაღაცა პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და უკვე ლოქდაუნებზე და შეზღუდვებზეა ლაპარაკი.

„ეს არის არასწორი მართვის პრობლემა, როგორც ეკონომიკური პრობლემების, ისე პანდემიის მართვის, რაიმე რეალური შეთავაზება ახლად დანიშნული მთავრობისგან არ ჩანს“, - განაცხადა ყარალაშვილმა.