02.ივნისი .2022 11:18

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურა
views 17469
უკან

საქართველოს პროკურატურა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 31 მაისს ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების დროს, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი აღმოაჩინეს (7.2 გრამი), რის გამოც, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ მუხლისთვის სასჯელი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა არის გათვალისწინებული.

ბიზნესმენის წინააღმდეგ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც იძიებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას მოიცავს. ამ მხრივ ბიზნესმენს ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვს. 

"საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი.

სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,"- აცხადებს პროკურატურა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა