მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი ზაზა დუგლაძე აცხადებს, რომ "ანანოვების სასახლის" გასაყიდი ფასი ეძვირა

5e2b37b799fdc
თელარა გელანტია
25.01.20 10:40
5631
„სასახლეს ეძახით, თორემ ოდა არის მიგდებული იმერეთში, წყალი ჩადის შიგნით... რა თქმა უნდა, თავის დროზე ლამაზი და ისტორიული (იყო)“, - ასე უპასუხა „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ ერთ-ერთმა მფლობელმა ზაზა დუგლაძემ bm.ge-ის კითხვას - იცოდნენ თუ არა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონის შესახებ და რატომ არ მიიღეს მონაწილეობა.

საქმე იმაშია, რომ როგორც bm.ge-მ გაარკვია, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ ვარციხეში ყოფილი „ანანოვების სასახლის“ შეძენით ჯერ კიდევ 2015 წელს იყო დაინტერესებული.

მეტიც, როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, 2013-2019 წლებში აღნიშნული ქონების ყიდვის სურვილი, ჯამში, 8 ფიზიკურ პირს/კომპანიას ჰქონდა დაფიქსირებული და მათ შორის იყო „დუგლაძეების ღვინის კომპანია“. ოფიციალურ კორესპონდენციებზე დაყრდნობით გავარკვიეთ, რომ ამ კომპანიას სურვილი ჰქონდა, ვარციხეში მდებარე ობიექტი პირდაპირი მიყიდვის ფორმით 300,000 ლარად, 3 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით ეყიდა. კომპანიას გეგმაში ჰქონდა 35-ნომრიანი სასტუმროს აშენება, 400-კაციანი დარბაზის მოწყობა, აუზით და ა.შ., მაგრამ როგორც ჩანს, მაშინ ქონების სააგენტო ამ პირობებზე არ დათანხმდა და გარიგება ვერ შედგა.

ზაზა დუგლაძე bm.ge-ისთან აცხადებს, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადებული აუქციონის შესახებ იცოდა, მაგრამ საჭირო თანხების მობილიზება ვერ მოახერხეს.

„აუქციონის შესახებ საქმის კურსში, რა თქმა უნდა, ვიყავი... თავის დროზე (წლების წინ) მე კი არა სხვა კომპანიებიც იყვნენ ამ ქონების შეძენით დაინტერესებულები. მათ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა, ვერ გეტყვით, მაგრამ მე რატომ ვერ მივიღე, მაგას გეუბნებით, რომ ამ პერიოდში ჩვენთვის ეს თანხები სხვაგან იყო მიმართული და ვერ შევძელით ყიდვა... მაშინ 300,000 ლარზე იყო საუბარი და ახლა კიდევ 4 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩამედო და მილიონ 400,000 უნდა გადამეხადა და რანაირად უნდა მეყიდა?!“.

Bm.ge-ის რეპლიკაზე - „გეძვირათ?“, ბიზნესმენმა შემდეგი პასუხი გასცა:

„რა ქმა უნდა, სასახლეს ეძახით, თორემ ოდა არის მიგდებული იმერეთში, წყალი ჩადის შიგნით... რა თქმა უნდა, თავის დროზე ლამაზი და ისტორიული... მაგრამ ახლა ჩემი ბიზნესი ტურისტული არაა, ჩვენ უფრო მწარმოებლები ვართ... ექსპორტზე ვყიდით პროდუქციას“.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყოფილი „ანანოვების სასახლის“ ახალი მფლობელი შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიასთანაა აფილირებული, ზაზა დუგლაძე შემდეგნაირად ეხმაურება:

„საქართველოში გასართობი თემაა მითქმა-მოთქმა და ჭორები. თქვენც უნდა გაერთოთ და მეც ვერთობი ხოლმე ჩემზე ჭორებს რომ ვიგებ... ნეტა, შემძლებოდა და მეყიდა... მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ, ამხელა თანხად მეყიდა, მერე 4 მლნ ლარის ინვესტიცია ჩამედო. ეს სადღაც 2 მლნ დოლარს ცდება. ამ თანხად თბილისის ცენტრში გავაკეთებდი სასტუმროს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ცნობისთვის: შპს „დუგლაძეების ღვინის კომპანიას „5 მეწილე ჰყავს და მათ შორის 23%-იანი წილის მფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. სხვათა შორის, ბაღდათში სწორედ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ ფლობს შპს ვარციხის კონიაკის ქარხანას.

ინფორმაციისთვის: ზაზა დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი დუგლაძის ძმაა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 13 იანვარს ელექტრონულ აუქციონზე, იმერეთში ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლე გაიყიდა. საჯარო აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა. მის ფარგლებში სარეალიზაციოდ 77,500 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ისტორიული ნაგებობა კომპანია შპს "ინვესტ ჯგუფმა" 1,375,000 ლარად შეიძინა. ქონების საწყისი ფასი მილიონ 370 ათასი ლარი იყო. აუქციონში მხოლოდ ერთმა პირმა მიიღო მონაწილეობა.