მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს ჭავჭავაძეების ხმალი აჩუქა

61362ef7cdda1
BM.GE
06.09.21 19:11
2340
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელიც წარსულში კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებდა და გამოძიებას რუკები გადასცა, ამჯერად სახელმწიფოს ჭავჭავაძეების ხმალი გადასცა. 

მომხდართან დაკავშირებით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დავით ხიდაშელთან ერთად ბრიფინგი გამართა. 

დავით ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მან უნიკალური ისტორიული ნივთი ბელგიის აუქციონზე შეიძინა, რათა ის სამშობლოში ჩამოეტანა და სამუზეუმო ექსპონატად ექცია. 

კულტურის სამინისტროს სანამ საქართველოს სახელმწიფოს საჩუქრი გადმოეცემოდა, დავით ხიდაშელის ხარჯით და დაკვეთით ექსპონატს კონსერვაცია ჩაუტარა ისტორიული იარაღის რესტავრატორმა, გოჩა ლაღიძემ. დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ იარაღი აუქციონზე გამოიტანა ალექსანდრე ჭავჭავაძის პირდაპირმა შთამომავალმა და დასძინა, რომ მოცემულმა პირმა ნივთი ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავით ჭავჭავაძისგან მიიღო. (ხიდაშელის მიერ ნივთში გადახდილი ფასი უცნობია). 

თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ექსპონატი ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას.

"საქმე გვაქვს უნიკალურ ექსპონატთან და ჩვენი მუზეუმებისთვის დიდ შენაძენთან, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დავით ჭავჭავაძის ხანჯალი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ინახება," - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძეს ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა. მისი ერთადერთი ვაჟი დავით ჭავჭავაძე იყო რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. ის არმიაში მსახურობდა 1834 წლიდან; იყო ლეიბ-გვარდიის ულანტთა პოლკში უნტეროფიცერი; ყირიმის ომის დროს (1853-1856 წწ.) ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის თავდასხმებისაგან. 1854 წელს დავით ჭავჭავაძემ მიიღო მეფის ფლიგელ-ადიუტანტობა. 1856 წელს ის ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს. 1861 წელს დავით ჭავჭავაძე გენერალ-მაიორი გახდა და მეფის ამალაში ჩაირიცხა. რაც შეეხება ქალიშვილებს, ნინოს სილამაზე და ალექსანდრე გრიბოედოვისადმი უსაზღვრო სიყვარული არაერთი პოეტის მუზა გამხდარა. ეკატერინე სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი გახლდათ, ხოლო სოფიო - ბარონესა ნიკოლაი.

ხმლის აღწერილობა:

ხმალი ქარქაშით, ოდნავ მოხრილი ცალლესული პირით, ორი ფართე ღარით, ბოლოვდება ორლესული შაშარით, უცნობი დამღით. ტარი არის ხის, შავტყავგადაკრული, ვერცხლის სალტეებითა და ვერცხლისავე ორნამენტირებული გობაკებით. ტარი ბოლოვდება თითბრის ან დაბალსინჯიანი ოქროს ზარნიშიანი რკინის „ვაშლით”. ვადაჯვარი რკინის, ორივე მხრიდან წარწერით: “Prince Tchavtchavadze”.

ვერცხლის სალტეებზე მოცემულია ვერცხლის სინჯის დამღა - „84“ და თარიღი 1852? (ბოლო ციფრი არ იკითხება). ქარქაში არის ხის, ტყავგადაკრული, რკინის ორი საკიდიანი სალტითა და რკინის ბუნიკით. ქარქაშის ბუნიკის მიხედვით ხმალი თარიღდება დაახლოებით მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით, ვინაიდან ასეთი ბუნიკები საქართველოში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მზადდებოდა, ხოლო ხმლის პირი შესაძლოა უფრო ადრეული იყოს. იარაღს ეტყობა ხმარების კვალი.