14.ნოემბერი .2019 11:44

ბიზნესომბუდსმენი: ჩვენი მთავარი ფუნქციაა, უსწრაფესად წამოვწიოთ ბიზნესის ყველა პრობლემა

views 398
უკან

ახალი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი იმ პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებას გეგმავს, რაც დღეს საქართველოში მოქმედ ბიზნეს სუბიექტებს აქვთ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში განუცხადა, სადაც იგი პრემიერ–მინისტრმა ახალ თანამდებობაზე მედიას წარუდგინა.

„ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა არის ის, რომ იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით და თქვენ იცით, რომ დღეისათვის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ჩვენი მოსახლეობისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის გარეშე, შესაბამისად ჩემი და ჩვენი აპარატის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ დაუყოვნებლივ, უსწრაფესად წამოვწიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ბიზნესს, შევხვდეთ ყველა სახის ბიზნესს – მსხვილს, საშუალოს და მათ შორის, მცირეს განსაკუთრებით, გავიაროთ და გავიგოთ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესში და ამ პრობლემების უსწრაფესად გადაჭრაში დავეხმაროთ.

მე ვფიქრობ, რომ ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება მათი გარკვეული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა და ჩვენი ამოცანა სწორედ სწრაფად გადაწყვეტაში დახმარებაა“, – განაცხადა დაუშვილმა.

აქვე, ჟურნალისტები დეტალურად დაინტერესდნენ იმ საკითხებით, რაც ბოლო პერიოდში კერძო სექტორში აქტუალურია, მათ შორის თამბაქოზე აქციზის განაკვეთის გაზრდის საკითხია, რაზეც პასუხად ბიზნესომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ჯერ ამ თემის დეტალებში უნდა გაერკვეს.

„იმისთვის, რომ გაგცეთ პასუხი ამ საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, ჩავიხედოთ თითოეულ ამ საკითხში, გავეცნო კონკრეტული საკითხების შინაარსს და თუ რაიმე პრობლემა არსებობს ამ კუთხით, ბიზნესთან და სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მედიაციის გზით დავეხმარო ბიზნესს ამ პრობლემების გადაწყვეტაში“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ დაუშვილმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა