მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი და შრომის ინსპექცია ბიზნესებთან შეხვედრებს მართავენ - თემა "მწვანე პასპორტებია"

61952eb768760
BM.GE
17.11.21 20:40
641
ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის ინსპეციის სამსახური „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან შეხვედრებს მართავენ. დღეს, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე სავაჭრო ცენტრების, კვების ობიექტების, გასართობი ცენტრებისა და კინოთეატრების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ონლაინ ფორმატით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს მწვანე ზონებთან დაკავშირებით მიღებული წესები და „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

“პრემიერ-მინისტრის დავალებით დავიწყეთ შეხვედრები “მწვანე პასპორტის” კონცეფციაში ჩართულ ბიზნეს სექტორებთან. შრომის ინსპექციასთან ერთად კერძო სექტორს ვაწვდით ინფორმაციას “მწვანე პასპორტის” კონცეფციის პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილი გვაქვს ფიტნეს სექტორთან” - განაცხადა ნინო კვეტენაძემ.

საინფორმაციო სახის შეხვედრები დაგეგმილია „მწვანე პასპორტის“ სქემაში ჩართულ სხვა ბიზნეს სექტორებთანაც.

ცნობისთვის, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფე-ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე. აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.