მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენი: შრომის კოდექსში დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა სამუშო ადგილები შეამციროს

5dc16a8a8601b
სალომე მეცხვარიშვილი
05.11.19 18:15
1071
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებში სამუშაო ადგილების შემცირებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის გაზრდის რისკებს ხედავს. ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ საჯარო განხილვისას განაცხადა, რომელზეც სწორედ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

ლექვინაძის თქმით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მასშტაბური ხასიათისაა, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ბიზნეს ურთიერთობებზე.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრინციპული შენიშვნა, რომელიც უკავშირდება სამუშაო დროის ნორმირებას, ასევე არის ზეგანაკვეთური შრომის ნორმირებასთან დაკავშირებული საკითხები, შრომის ხელშეკრულების ვადებთან დაკავშრებული თემები - ეს ყველაფერი იმდენად ცვლის და სხვანაირად აყალიბებს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ურთიერთობას, რომ ჩვენი აზრით, ეს იქნება მძიმე ტვირთი ბიზნესისთვის. თუ ამ ფორმით შევა ეს ცვლილებები ძალაში, ეს გამოიწვევს ბიზნესისთვის ხარჯების სერიოზულ ზრდას. ამან შეიძლება მოგვცეს სამუშაო ადგილების შემცირებაც და შრომითი ურთიერთობების ნაწილის ჩრდილოვან სექტორში გადატანაც”,- აცხადებს ლექვინაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

ცნობისთვის: ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ასევე „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ და სხვა ასოციაციები შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს არ იწონებენ.