მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურები პრემიერს შევთავაზეთ, ველოდებით პასუხს“ - ივა ჭყონია

602ccefc82d91
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 12:18
907
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ივა ჭყონიას განცხადებით, მთავარობა ისევე სწრაფად უნდა იღებდეს შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას, როგორც ეს შეზღუდვების დაწესების დროს ხდება. ამის შესახებ მან 10 ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაცზე განაცხადა, სადაც კერძო სექტორმა პრემიერს 7 მოთხოვნით მიმართა.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეზღუდვები დაწესებასა და მოხსნაზე კონსულტაციებში ბიზნესიც უნდა იყოს ჩართული.

„ძალიან მარტივად ხდება ზოგადად ჩაკეტვა და ვფიქრობ, რომ მარტივი ჩაკეტვა არ ნიშნავს პროცესების სწორად მართვას. როგორც მარტივად კეტავენ, ასევე მარტივად უნდა მოხდეს აღდგენა, შესაბამისად რეგულაციების გამარტივება ვერანაირად ვერ მოხდება თუ ბიზნესთან კონსულტაცია არ გაიარეს. როდესაც ნოემბერში მოხდა ე.წ. წერტილოვანი ლოქდაუნი, ის კონსულტაციები, რომელიც გაიმართა იანვრის მეორე ნახევარში, დაგვიანებული იყო, თავიდანვე ნოემბერშივე მაქსიმუმ 2 კვირიანი ვადა იქნებოდა საკმარისი ბიზნეს ასოციაციებთან რომ გაევლოთ რიგი საკითხები, გაცილებით უფრო ადრე მომხდარიყო ამ ჩაკეტვის გახსნა და ნაკლები ზიანი ენახა ეკონომიკას. აქ არ არის საუბარი, რომ როდესაც რაღაცას „გადმოაგდებენ“ ვიღაცას რაღაცა გავუკეთეთ. ბიზნესის ყველა სექტორი ერთმანეთზე ჯაჭვით ვართ გადაბმული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნორმალურად ფუნქციონირებდეს, რადგან რიგ საკითხებში თითოეულ სექტორს ექმნება პრობლემები. ჩვენი გაერთიანება და ერთად დგომა კიდევ ერთი მესიჯია სახელწმიფოსთვის, რომ ეს პრობლემა არ არის ერთის, არამედ ყველასია“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

მან მიმართვაში გაწერილ მე-6 პუნქტზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კერძო სექტორისთვის ამ რთულ პერიოდში ბიზნესომბუდსმენის დანიშვნა მნიშვნელოვანია და რომ ბიზნესმა თავისი კანდიდატურები პრემიერის ინიციატივითვე, გიორგი გახარიას უკვე წარუდგინა.

„ჩვენი მიმართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, რომ ბიზნესომბუდსმენი არჩეულ იქნას ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან ვფიქრობთ, რომ ბიზნესომბუდსმენის არსებობის შემთხვევაში ის ორიენტირებული იქნებოდა ბიზნესის განვითარებაზე და სწორ ხედვებზე და ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ბიზნესიდან არჩეული და არის მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით. ჩვენი კანდიდატურები შევთავაზეთ პრემიერს და ველოდებით პასუხს. ეს ინიცირება პრემიერის მხრიდან იყო, რომ კანდიდატურები წარგვედგინა და ვნახოთ, რამდენად პირნათლად შეასრულებენ ამას“, - განმარტა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.

ივა ჭყონია მიმართვის კიდევ ერთ მოთხოვნას შეეხო და განაცხადა, რომ კერძო სექტორი მზარ არის ვაქცინაციის პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს.

„როდესაც ამის ინტერესი ბიზნესს აქვს, არ შეიძლება რამე დაბრკოლება იყოს. ყოველი დღე დაგვიანებულია და რაღაც ხვალ კი არა დღესვე უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც მცირე ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ისედაც ძალიან ბევრი პრობლმები იყოს პანდემია რომ არ ყოფილიყო. მთავარი მესიჯი, რაც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გვითხრა, რომ უნდა ვისწავლოთ პანდემიასთან ერთად ცხოვრება. ეს პანდემია არსად არ წავა და შემდეგი ლოქდაუნი არ შეიძლება ისეთივე მტკივნეული იყოს, როგორიც ეს იყო. ეს ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ, ერთობლივად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა“, - აღნიშნა მან.