მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის ანგარიში - მიგნებები და რეკომენდაციები

63e65f2aaa59d
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.23 10:11
638
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2018-2021 წლებში აუდიტის სამსახურის საქმიანობას აფასებს, რაც ძირითადად წინა ბიზნესომბუდსმენების საქმიანობას ასახავს.

დოკუმენტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენის აპარატს თავად ამ უწყების საქმიანობის ცნობადობის ამაღლებისთვის შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

“2018-2021 წლებში ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ არ განხორციელებულა საკმარისი ღონისძიებები მისი საქმიანობის ცნობადობის ამაღლების მიზნით, რაც გავლენას ახდენს ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ეფექტიანობაზე,” - ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატს დღემდე არ აქვს განსაზღვრული სამსახურის დებულება.

“კანონის შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, იქმნება ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომლის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აპარატის დებულებით. როგორც წესი, დებულებაში ასახული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მოვალეობები, ანგარიშვალდებულება, მუშაობის ზოგადი პრინციპები. ასევე, აპარატის ძირითადი ამოცანაა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის ანალიტიკური, ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფა.

2015 წლის 5 ივნისიდან საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტმა საქმიანობა განაგრძო განახლებული სახელწოდებით და ფუნქციებით. მიუხედავად კანონმდებლობის მოთხოვნისა, დღემდე არ არის დამტკიცებული დებულება, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის წესი", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: ბიზნესსუბიექტების განცხადებებზე რეაგირების ნაკლოვანებები; განცხადებების მიღების ელექტრონული პორტალის ტექნიკური ხარვეზები; დოკუმენტურად დაუდასტურებელი გაცემული რეკომენდაციები და შუამდგომლობები; რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ნაკლოვანებები და საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის ნაკლოვანებები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატს 5 რეკომენდაცია მისცა:

რეკომენდაცია N1:

აპარატის და შესაბამისად, საკადრო რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიზანშეწონილია შემუშავდეს და დამტკიცდეს ბიზნესომბუდსმენის აპარატის დებულება, სადაც მკაფიოდ გაიწერება სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები, მოვალეობები, ანგარიშვალდებულება და მუშაობის ზოგადი პრინციპები.

რეკომენდაცია N2:

ბიზნესსუბიექტების მიერ წარმოდგენილი განცხადებების მიღების, მათი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით, მიზანშეწონილია ბიზნესომბუდსმენის აპარატმა დანერგოს ელექტრონული მართვის ისეთი პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებული იქნება ყველა საჭირო ფუნქცია.

რეკომენდაცია N3:

მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების, ინსტიტუციური მეხსიერების ჩამოყალიბების და შესაბამისად, აპარატის გამართული ფუნქციონირების მიზნით, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა დანერგოს კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციებისა და შუამდგომლობების სათანადო დოკუმენტურ დადასტურებას.

რეკომენდაცია N4:

ბიზნესომბუდსმენის მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის პროცესზე კონტროლის მექანიზმების გასაუმჯობესებლად, მიზანშეწონილია შესაფერისად დადოკუმენტირდეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

რეკომენდაცია N5:

სამიზნე ჯგუფების საჭიროებების განსაზღვრის, კრიზისული სიტუაციების მართვის, პრევენციული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, აპარატმა შეიმუშაოს ღონისძიებების ისეთი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილების და საქმიანობის ძირითადი პრინციპების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.