06.მარტი .2020 19:36

ბიზნესომბუდსმენს იმედი აქვს, რომ მთავრობა კორონავირუსით დაზარალებულ ტურიზმს დაეხმარება

views 236
უკან

ბიზნესომბუდსმენის მიხეილ დაუშვილი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის გამო დაზარალებულ ტურიზმის ინდუსტრიას მთავრობა მხარდაჭერას გამოუცხადებს. ამის შესახებ დაუშვილმა ჟურნალისტებს დღეს, ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაზე კერძო სექტორმა მინისტრს კორონავირუსის გავრცელებით უკვე არსებული ზიანი გააცნო. სასტუმროებისა და რესტორენების მენეჯერებმა ღონისძიებაზე საბიუჯეტო და სხვა სახის გადასახადებთან დაკავშირებით საშეღავათო პერიოდის დაწესება მოითხოვეს, რისთვისაც შუამდგომლობით სწორედ ეკონომიკის მინისტრს მიმართეს.

„მათთან გავიარეთ როგორც მარკეტინგული საკითხები, რითაც შეიძლება რომ ამ ნეგატიურ ეფექტებს ვებრძოლოთ, ასევე მათი საჭიროებები, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო გადასახადებთან დაკავშირებული მორატორიუმის შემოღება. ჩვენ პირველ რიგში, მოგვიწევს ეს საკითხები ეკონომიკურ გუნდთან გავიაროთ, რადგან დღეს იყო პირველი შეხვედრა ამ კუთხით და მოვისმინეთ მათი საჭიროებები და მოთხოვნები, ამიტომ საჭიროა მოხდეს მსჯელობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გადასახადებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად და დიდი იმედი მაქვს, რომ მთავრობა მხარდაჭერას გამოუცხადებს ტურისტულ ინდუსტრიას, რომელიც ძალინ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის და ბიზნესისთვის.

მე ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ამ სექტორს რეალური გამოწვევა უდგას, რადგან როგორც მათგან მივიღეთ ინფორმაცია, მათი ჯავშნები ძალიან მასიურად უქმდება, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მათი ამ ფინანსური პრობლემის გადასაჭრელად, დროებითი გადაწყვეტის მოსაძებნად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, მათ შორის გადასახადების კუთხით და ცხადია, ამ პოზიციას მხარს დავუჭერთ მთავრობასთან კომუნიკაციის პროცესში“, - განაცხადა დაუშვილმა.

ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრს კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია, როდის დაუბრუნდება პასუხით კერძო სექტორს იმის შესახებ, თუ რა კუთხით გაუწევს მათ შეთავათებს.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა