მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესს საკუთარი აქტივობის დასაგეგმად საარჩევნო წლის გათვალისწინება არ სჭირდება - ფხაკაძე

5e519db487e1a
ანნა ლაპიაშვილი
23.02.20 11:05
985
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის განცხადებით, ის რომ 2020 საარჩევნო წელია, ამის გათვალისწინება ბიზნესს საკუთარი აქტივობის დასაგეგმად არ სჭირდება. BMG-ისთან ინტერვიუში, საინვესტიციო გარემოს შეფასებისას, სოსო ფხაკაძე იმ გამოკითხვების ფონზე, რომელსაც ასოციაცია წევრ კომპანიებში ატარებს, აღნიშნავს, რომ “ბიზნესის აბსოლუტური უმრავლესობის შეფასებით, 2019 უკეთესი იყო, ვიდე - 2018”.

“როდესაც ასოციაციაში სტრატეგიული გეგმა დავამტკიცეთ, საერთოდ არ მიგვიღია მხედველობაში რომ საარჩევნო წელია. ჩვენ სამოქმედო გეგმას საარჩევნო წელს და პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები და ჩვენთვის მთავარია, ვხედავდეთ პოზიტიურ ტრენდს, ვხედავდეთ, რომ მივდივართ სიკეთისკენ, მეტი დასაქმებისკენ, უფრო მეტი კომპანიის, ეკონომიკური სუბიექტის შექმნისკენ და ეს ტრენდი არ უნდა შენელდეს, ამ ევოლუციის გზაზე ყველა შემდეგი წელი უკეთესია წინა წელზე“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ “თითოეული ჩვენგანის სურვილია, არჩევნები ნაკლებ ზეგავლენას ახდენდეს ბიზნესზე”.

მისი შეფასებით, თანდათანობით უფრო ნაკლებად იგრძნობა საარჩევნო წლის ზეგავლენა ბიზნესზე.

“წელს რა გვინდა ჩვენ?! - ისევე როგორც სხვა წლებში, მიუხედავად იმისა არჩევნები იქნება თუ არა, ჩვენ გვინდა, იყოს პოლიტიკურად სტაბილური გარემო. სტაბილური პოლიტიკური გარემო როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის არის აუცილებელი, ასევე - უცხოელი ინვესტორებისთვის. უცხოელი ინვესტორების 80% თუ მეტი არა, ასევე მოჰყავთ ქართველ ბიზნესმენებს და ბუნებრივია, ჯერ ქართული ბიზნესმენი უნდა იყოს დაცული. მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ საკუთარი ინვესტიციები ჩადოს, უცხოელი პარტნიორები მოიზიდოს და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ „ნებისმიერი ქვეყნის წარმატების ფორმულა არის ერთი - ძლიერი ეკონომიკა და ძლიერ ეკონომიკას კი ქმნის ძლიერი ბიზნესი“.

„მთავარი საჭიროებაა პოლიტიკური სტაბილურობა. ვიღაცას შეიძლება ეს იდეალურ გარემოდ მოეჩვენოს, ვიღაცას ისეთ მოცემულობად, რომელიც საქართველოში კიდევ დიდხანს არ იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან ტრივიალურად უნდა შევხედოთ ამ ნაწილს. ვფიქრობ, რომ 90-იანი წლებიდან რაც იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებდა იმ საქმეს, რაც მისი საკეთებელი არ იყო. თუ თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ იმ საქმეს, რაც ვისწავლეთ, სადაც გამოცდილება დავაგროვეთ და რაშიც ძლიერები ვართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბევრად უფრო ძლიერი იქნება“, - აცხადებს BAG-ის პრეზიდენტი.