მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესს სახელმწიფოსგან უფრო სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები სჭირდება “ - ნინა კობახიძე DRG-ის რეფორმაზე

63e4c4a106e0d
თინათინ ნატმელაძე
10.02.23 19:35
535
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ DRG-ის რეფორმის მიმდინარეობისას პოლიტიკის დაგეგმვაზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია უნდა არსებობდეს, რათა პაციენტი არ დაზარალდეს. 

კონკრეტულად რა სახის კომუნიკაციის საჭიროება და გამოწვევებია გამოკვეთილი პროცესში - ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინა კობახიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მთელი რიგი ტექნიკური პრობლემები არსებობს, რომლის მოგვარებაც სწრაფად და ეფექტურადაა საჭირო.

„სახელმწიფოს გადაწყვეტილებები ცოტა შენელებულია, კომუნიკაცია კი უფრო ეფექტური და მჭიდრო უნდა იყოს, რათა სახელმწიფოც და კლინიკებიც უფრო სწრაფად გადავიდეთ DRG სისტემაზე. ეს დიდი პროცესია - სჭირდება ანალიტიკა, კვლევა, სამედიცინო ისტორიების მოძიება. ვერ ვიტყვი, რომ ეს ცუდი სისტემაა, პირიქით - ბევრად უკეთესია, ვიდრე აქამდე გვქონია, გამოიწვია ბევრი ნოზოლოგიის დაბალანსება, კოდების შემცირება და ა.შ. თუმცა, ამ სისტემაზე გადასვლას თან ძალიან ბევრი ტექნიკური გამოწვევა ახლავს, მაგალითად ბიუროკრატიული პრობლემა - პაციენტი ამოერთო საყოველთაოდან და არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ასევე არის რეანიამციის პრობლემა, DRG ამ სერვისში ძალიან მცირე თანხას იხდის, ამას ემატება კვების საკითხიც - ბევრმა კლინიკამ ვერ გაიგო შედის თუ არა კვება, ორაზროვანი იყო ეს მუხლი, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ შედის. ამ რეკომენდაციების გაცვლა-გამოცვლის რეჟიმმა ჩვენ უნდა მიგვიყვანოს საბოლოო შედეგამდე, თუმცა აუცილებელია, რომ სახელმწიფომ, როგორც რეგულატორმა, მოგვისმინოს, ისევე, როგორც ჩვენ უნდა მოვუსმინოთ მათ,“ - განაცხადა ნინა კობახიძემ.

„საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემაც, რომელიც ამბობს, რომ თუ აღნიშნული პრობლემები მალე არ მოგვარდა, ეს კომუნიკაცია უბრალოდ კომუნიკაციად დარჩება. მისივე ცნობით, DRG არ არის უნივერსალური მოდელი, რომელიც ყველა ქვეყანას ერთნაირად ერგება და ყველა ქვეყანა თავის ინდივიდუალურ პრაქტიკას ქმნის.

„საუკეთესო პრაქტიკა მოითხოვს, რომ ის, ვინც ფულს იხდის და ის, ვინც რეგულატორია, ანუ ამ ფასებს ადგენს - იყოს გაყოფილი, ჩვენთან ეს ასე არაა და გვინდა, რომ სახელმწიფოს ამ მხრივ წასვლა შევთავაზოთ", - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ DRG გასული წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სატესტო რეჟიმში მოქმედებდა, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კი სრულყოფილად შევიდა ძალაში.