09.ივლისი .2020 15:10

ბიზნესს თვითმონიტორინგის სისტემების მოწყობა მოუწევს

views 342
უკან

„გარემოს დამაბინძურებლების მიმართ ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება“,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცახადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

„ჩვენ გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას იმ ბიზნესოპერატორების, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ახდენენ, ახდენენ არაერთგზის, არაერთჯერადად და ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი - 10, 15 და ხშირად 50 ათას ლარამდეც, განმეორებადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბებები ზღვრულ ნორმებთან შედარებით.

ასე რომ, თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი ტიპის ბიზნესსაქმიანობებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში დიდი ემისიის წყაროები არიან, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ამ პაკეტმა განსაზღვრა და რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად იყო მთავრობაზე წარდგენილი. იმედია, ოპერატიულად მოხდება ამ დოკუმენტების განხილვა და საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტი მიიღებს ახალ პაკეტს, რომელიც ევროპული პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.