მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის შეხების წერტილები დაკარგულია - ლევან ყარალაშვილი

613222e756762
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.21 19:20
1420
„ვამაყობ, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და გვაქვს უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკის", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს ტყიბულში ჟურნალისტებთან ეპიდემილოგიური მდგომარეობის მართვის შეფასებისას გააკეთა.

რამდენად დამშვიდებულია ბიზნესი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით - ამ კითხვით BM.GE-მ კერძო სექტორის წარმომადგენელს, „თბილისი ცენტრალის“ გენერალურ დირექტორს მიმართა. „სამწუხაროდ, ბიზნესსა და ხელისუფლებას შეხების წერტილები დაკარგული აქვთ“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.

ის ამბობს, რომ დღეს ბიზნესი კვლავ გამოწვევების წინაშე დგას და ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებით მანიპულირება რეალობას არ ასახავს.

„როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, რიცხვებით მანიპულაცია ხდება. კარგი იქნება თუ აბსოლუტურ რიცხვებში ვნახავთ რაზეა საუბარი, რადგან ჩვენ პრობლემები გვემატება. ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვით მიღებული გავლენა თუ ობიექტების გაზრდილი ხარჯები, რაც აღნიშნული შეზღუდვის გამო, თანამშრომელთა ტრანსპორტირებისთვისაა განკუთვნილი და ასევე, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით ვირუსის გავრცელების გაზრდილი რისკები“, - ამბობს „თბილისი ცენტრალის“ ხელმძღვანელი.

ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა სექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია, რაც ბიზნესსუბიექტების ფინანსურ მაჩვენებლებზე აისახება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა პირდაპირ ურტყამს მომხმარებლის ნაკადს. შეიძლება ითქვას, რომ ის დატვირთვა, რაც აგვისტოს პირველ ნახევარში გვქონდა, ბოლო კვირების განმავლობაში, როდესაც ტრანსპორტი შეიზღუდა,  განახევრდა, ხოლო თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, ფაქტობრივად, მომხმარებლის აქტივობა თვე თვესთან შედარებით 20-25%-მდე შემცირდა.

შესაბამისად, ჩვენ როგორც სავაჭრო ცენტრმა ჩვენს მოიჯარეებს გავუკეთეთ დამატებითი შეღავათები, რადგან ისინი შემცირებული ნაკადებისა და გაყიდვების ფონზე, იჯარის მომსახურებას ფაქტობრივად ვეღარ ახერხებენ. მაგალითისთვის, აგვისტოში იჯარა ყველას გავუნახევრეთ და რადგან ტრანსპორტის შეზღუდვა სექტემბერშიც გაგრძელდება, ამის გაგრძელება ავტომატურად მოგვიწევს.

შედეგად, ყველა სავაჭრო ცენტრს ფინანსური პრობლემები გვექმნება, რადგან შემოსავლები კვლავ გვიმცირდება და საკრედიტო ინსტიტუტებთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება მოგვიწევს იმ ვალდებულებების გადავადებაზე, რაც გვაქვს“, - აღწერს სავაჭრო ცენტრების მდგომარეობას ლევან ყარალაშვილი.