მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესში სამუშაო ძალის დეფიციტია... მთავრობამ კი სოცდაუცველები სსიპ-ებში დაასაქმა - ივა ჭყონია

62de3d8f042e7
მარიამ იზორია
26.07.22 00:00
3813
კერძო სექტორის წარმომადგენლები კადრების დეფიციტზე საუბრობენ. მუშახელის მოძიების სირთულეებზე bm.ge-სთან კომენტარი საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამაც გააკეთა. 

მისი თქმით, ასოციაციაში შემავალი ყველა კომპანია მსგავსი პრობლემის წინაშე დგას და ამის აღმოსაფხვრელად ასოციაცია საგანმანათლებლო პროგრამაშიც ანუ კადრების გადამზადების პროცესშიც არის ჩართული, თუმცა ამ მიმართულებითაც აქტივობა საკმაოდ დაბალია.

ივა ჭყონია იმასაც აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოს ჩართულობით პრობლემა არ მოგვარდა, საბოლოოდ, ბიზნესი იძულებული იქნება სამუშაო ძალა სხვა ქვეყნებიდან შემოიყვანოს.

"საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ჩართულია საგანმანათლებლო პროგრამაში, სამთვიანი კურსია, სახელმწიფო დაფინანსებით. ამ კურსის გავლის შემდეგ ადამიანი ჩვენს ასოციაციაში შემავალ რომელიმე კომპანიაში 100%-ით საქმდება. თუ პირობითად 20 აპლიკანტი გვყავს, კომპანიისგან მოთხოვნა 100 ადამიანზე მოდის, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწავლის მსურველთა რაოდენობაც ეტაპობრივად მცირდება.

სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. სახელმწიფომ რომ დაიწყო სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა, ამას ბიზნესმა პოზიტიურად შევხედეთ, რადგან ვიფიქრეთ, რომ სამუშაო ძალა გვეყოლებოდა, მაგრამ სახელმწიფომ 20 000-მდე ადამიანი სსიპ-ებსა და აიპებ-ში დაასაქმა. საჯარო სექტორში დასაქმება კარგია, თუმცა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ბიზნესში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დასაქმდეს“, - აღნიშნავს ივა ჭყონია.

bm.ge-ს შეკითხვას თუ სად გაქრა მუშახელი და რატომ არ აქვთ ადამიანებს საქართველოში დასაქმების სურვილი, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ასე პასუხობს:

„ის, რომ ადამიანებს ბიზნესი არ ასაქმებს, ამაზე საუბარი არასწორია. არც ხელფასებია დაბალი - ჩვენს სექტორში ის 1000 ლარიდან იწყება. ჩვენ ანაზღაურების გაზრდის სურვილიც გვაქვს, თუმცა ეს წნეხი იქნება ფასებსა და ინფლაციის მაჩვენებელზე. საქართველოში დასაქმების სურვილი არ აქვთ, იგივე ხელფასზე კი ევროპასა და ამერიკაში საქმდებიან. საბოლოოდ, თუ გადათვლიან, მიხვდებიან, რომ ეს ასეა და სჯობს, ოჯახთან დარჩნენ, ვიდრე ქვეყანა დატოვონ. ეთაკილებათ იგივე საქმის საქართველოში გაკეთება, რასაც საქართველოს საზღვრებს გარეთ აკეთებენ, კადრების დეფიციტს დავაბრალებდი იმასაც, რომ გაზარმაცებულები არიან.

სამწუხარო იქნება, თუ მუშახელის შემოყვანა სხვა ქვეყნიდან მოგვიწევს; როცა არის იმის საშუალება, რომ სოციალურად დაუცველებს ჩვენი გადასახადებიდან ფული არ ვუხადოთ და დავასაქმოთ. ასე უფრო მეტად ნაყოფიერი იყვნენ ქვეყნისთვისაც და ბიზნესისთვისაც“, - განმარტავს ის.