მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლინკენის მოადგილემ, ვენდი შერმანმა და ზალკალიანმა საქართველოს მხარდაჭერის და უკრაინის შესახებ ისაუბრეს

61d5c0928dafb
BM.GE
05.01.22 19:55
601
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 5 იანვარს, აშშ-ის მხარის ინიციატივით გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან. საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ვენდი შერმანს კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მომავალ კვირას აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

მხარეთა საუბრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა სრულიად მიუღებელია. საუბრისას, ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე,"- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.