მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Block Group სტუმარმასპინძლობის სექტორში შედის - ინვესტიცია $180 მილიონია

619f9d3047c83
ვიქტორია მღებრიშვილი
29.11.21 00:05
3829
საინვესტიციო კომპანია Block Group-ი სტუმარმასპინძლობის სექტორში ინვესტირებას იწყებს. კომპანია დარგში რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 180 მლნ დოლარია.

სასტუმროები Radisson-ი და Golden Tulip Design Tbilisi, მულტიფუნქციური კომპლექსი ყაზბეგის გამზირზე და Vatel Business School – კომპანია ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის დარგში შესვლას ამ პროექტებით გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანია Block Group-ის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული პროექტების განხორციელება უკვე დაწყებულია და ჯგუფი საქართველოში ჰოსპიტალითი სექტორის განვითარებისთვის არამხოლოდ სასტუმრო, არამედ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებს.

„ჩვენი ჯგუფი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის დარგში აკადემიური, საერთაშორისო სტანდარტის განათლების მიმართულებით მნიშნელოვან პროექტს გეგმავს. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (SEU) ერთად, საფრანგეთის საელჩოს და საფრანგეთის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, პრესტიჟული ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ფილიალს გავხსნით. Vatel-ის სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის ბიზნეს სკოლა საერთაშორისო რეიტინგით პირველია ამ მიმართულებით. მსოფლიოს 4 კონტინენტზე მას 35 უნივერსიტეტი აქვს გახსნილი.

ეს არის ის, რაც დღეს საქართველოს ძალიან სჭირდება, ვინაიდან ქვეყანაში ტურიზმი იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე პროფესიონალების მომზადება ხდება.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ისეთი აღიარებული ბრენდი შემოდის, როგორიცაა Vatel Business School-ია და საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროში გვეყოლება, რაც შრომის ბაზარზე დადებითად აისახება. დარწმუნებული ვარ, მეზობელი ქვეყნებიდანაც საქართველოში აქ სასწავლებლად ჩამოსვლას არაერთი ახალგაზრდა მოისურვებს“, - ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, საინვესტიციო კომპანია Block Group-ი 25 მლნ დოლარის ინვესტიციით, 2023 წლისთვის თბილისში საერთაშორისო ბრენდ Radisson-ის სასტუმროს გახსნას გეგმავს, ხოლო თბილისში 2022 წლის გაზაფხულზე 15 მლნ დოლარის ინვესტიციით საერთაშორისო ბრენდის კიდევ ერთი სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნება. ამასთან კომპანია „ორბი ჯგუფთან“ ერთად ყაზბეგის გამზირზე უძრავი ქონების ბაზარზე მასშტაბურ პროექტს - მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს, სადაც საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, 5 რესტორანი, სპა, ღია და დახურული აუზები, საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო და საბანკეტო სივრცეები განთავსდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია.

ცნობისთვის: საინვესტიციო კომპანია Block Group-ი 1993 წლიდან ოპერირებს სხვადასხვა დარგებში: ჯანდაცვა, ლოჯისტიკა, მშენებლობა, უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ა.შ.