22.ოქტომბერი .2019 22:30

Bloomberg-მა ნავთობის ფასების შემცირებაში "სავაჭრო ომის" წვლილი განსაზღვრა

views 210
უკან

2019 წლის აპრილიდან Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება 20%-ით შემცირდა. Bloomberg-ის შეფასებით, ფასების შემცირების 70%-ის მიზეზი - შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი, ხოლო დანარჩენი 30% -ის კი - ნავთობის დიდი მოცულობის მარაგია. გავლენიანი გამოცემის პროგნოზით, ნავთობის ფასების კლების ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.



აღსანიშნავია, რომ დღეის მონაცემებით, Brent-ის ფიუჩერსული ფასი ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე 0,12 აშშ დოლარით შემცირდა და ბარელზე $58,84 შეადგინა. ამ ტიპის ნავთობის ღირებულება, ორშაბათის ვაჭრობაზეც - პარასკევთან შედარებით $0,46-ით იყო დაცემული და ბარელზე $58,96 ღირდა.


რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, WTI-ის ფასი, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ამ დროისთვის 0,11 დოლარით არის შემცირებული და ბარელი $ 53.2-ად ფასობს.



შეგახსენებთ, რომ "სავაჭრო ომი" აშშ-სა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან მიმდინარეობს. კონფლიქტის ფარგლებში, თავდაპირველად შეერთებულმა შტატებმა მკვეთრად გაზარდა გადასახადები მზის პანელებსა და სარეცხ მანქანებზე, ანუ იმ საქონლის მიწოდებაზე, რომლის უდიდესი მწარმოებელიც ჩინეთია. ამის საპასუხოდ, პეკინმა აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქტებზე დამატებითი მოსაკრებელი დააწესა.


გასული წლის ბოლოს, G20 სამიტის დროს, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს 90-დღიან ზავს. 2019 წლის გაზაფხულზე კი, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ”გარიგება დაარღვია”, რის შემდეგაც, ვაშინგტონმა ჩინურ იმპორტზე საბაჟო გადასახადი 10% -დან 25% -მდე გაზარდა. ამას მალევე მოჰყვა ტრამპის მიერ ჩინური კომპანია Huawei-ის შავ სიაში შეყვანა.