03.სექტემბერი .2019 11:47

Bloomberg: ქარიშხალი "დორიანი" სადაზღვევო კომპანიებს $25 მილიარდი დაუჯდებათ

views 237
უკან

უმაღლესი, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „დორიანი“, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე მძვინვარებს, სადაზღვევო კომპანიებს სულ მცირე 25 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg შვეიცარიის საფინანსო ჰოლდინგ UBS Group AG-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, როგორც გამოცემასთან საუბრისას შვეიცარიელი ექსპერტი განმარტავს, იმ შემთხვევაში თუ სტიქია მომდევნო დღეებში ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუახლოვდება, ზარალი უკვე 40 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.

თუ ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდება, ‘’ დორიანი’’ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებული ბუნებრივი კატასტროფა გახდება სადაზღვევო ინდუსტრიისთვის. აქამდე, ქარიშხალი, რომელმაც დაზღვეულების ქონებას 25 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა ‘’მერი’’ იყო.

შეგახსენებთ, რომ ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში ქარიშხალ „დორიანის“ მიახლოების გამო საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადდა. სანაპიროზე ზოლზე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიამ, რომელიც თავდაპირველად ბაჰამის კუნძულებს დაატყდა თავს, ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. გავრცელდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებაც.

დასავლური მედიის ვარაუდით, ამ დროის მონაცემებით, 13 000 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა ან მთლიანად დაინგრა.

აღსანიშნავია, რომ შტატების ეროვნული ამინდის ბიუროს ცნობით, "დორიანი" ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც 1935 წლის შემდეგ ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლს დაატყდა თავს.