15.ოქტომბერი .2019 11:35

BMG: ანაკლიის კონსორციუმს ახალი ინვესტორებისგან $100 მლნ-ზე დასტური აქვს - რა გადაწყდება დღეს

views 1029
უკან


 მომავალი პორტის ტერიტორიაზე ფსკერის დარღმავებიდან და მილიონობით ტონა ქვიშის ამოღებიდან ერთი წლის შემდეგ, კონსორციუმის ერთ-ერთი აქციონერის “კონტი ჯგუფის” ჩანაცვლების საკითხი განიხილება.

დღეს, 15 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე წინადადების წარდგენის ვადა ეწურება. როგორც გუშინ, კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, მათ შესაბამისი დოკუმენტაციით მთავრობას უკვე მიმართეს და "ახლა ბურთი უკვე მთავრობის მხარესაა".

"კონტი ჯგუფის" გასვლაზე თანხმობა სახელმწიფოს ჯერ არ განუცხადებია. მის ერთ-ერთ ჩამონაცვლებლად მერიდიანი მოიაზრება, ამერიკული ფონდიც არის ასევე ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ჩამნაცვლებლად განიხილება. არის რიგი საკითხები გადასაწყვეტი, მათ შორის ტრაფიკის საკითხი, ბანკების 8-პუნქტიანი მოთხოვნების ნაწილში მოთხოვნები არის დასაზუსტებელი,”- ამბობს ახვლედიანი.

BMG-ის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს “კონტი ჯგუფის” ჩამნაცვლებლად ოფიციალურად ორი კანდიდატურა, Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი წარუდგინა.

ამასთანავე, “კონტი ჯგუფის” ჩამნაცვლებელთან ერთად კონსორციუმმა სახელმწიფოს კაპიტალის შევსების შესახებაც უნდა წარუდგინოს განაცხადი. BMG-ის ინფორმაციით, კონსორციუმმა მთავრობას Meridian-ისა და Van Oord-ის მიერ კაპიტალის $100 მილიონით შევსების შესახებ მიმართა. ამასთანავე, პორტის მომავალი ოპერატორი SSA Marine-ი მზაობას გამოთქვამს, თავადაც მიიღოს $20 მილიონი დოლარის ოდენობით კონსორციუმის კაპიტალში მონაწილეობა, თუ სახელმწიფო მას ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაზე ექსკლუზიურ ლიცენზიას მისცემს.

კიდევ ერთი სახის დოკუმენტი, რომელიც კონსორციუმმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო საფინანსო ისნტიტუტების მიერ პორტის პროექტისთვის $400 მილიონი დოლარის სესხის გამოყოფის თაობაზე წინასწარი თანხმობის შესახებ დოკუმენტია.

თუმცა, როგორც ლევან ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რვაპუნტქიან მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც OPIC-მა, EBRD-მა, EIB-იმ და ADB-იმ წარადგინეს, საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა და ამისთვის დამატებითი მოლაპარაკებების წარმოებაა საჭირო.

ცნობისთვის: დღეს 12:00 საათზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ბრიფინგს მართავს.