25.ოქტომბერი .2019 21:51

BM.ge-ის ექსკლუზივი: ინტერვიუ "კონტი ჯგუფის" მენეჯმენტთან - რას აპირებს ინვესტორი

views 893
უკან

"კონტი ჯგუფმა" დღეს საღამოს BM.ge-ის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სპეციალური განცხადება გაუგზავნა. კომპანიის განცხადების მიხედვით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს კომპანია ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება, სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანია აცხადებს, რომ ისინი კვლავ გეგმავენ კონსორციუმის დატოვებას. "კონტი ჯგუფის" მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ BM.ge "კონტი ჯგუფის" საინფორმაციო ოფიცერს კოლინ ვაიბლს ესაუბრა. ვაიბლი ამბობს, რომ "კონტი ჯგუფი" შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის საპასუხოდ, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას ცდილობს. კოლინ ვაიბლს გადაცემა "ანალიტიკის" ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ესაუბრა. 

ინტერვიუ "კონტი ჯგუფის" წარმომადგენელთან:

მეილზე კონტი ინთერნეშენელის სახელით წერილი მივიღეთ, სადაც გვწერთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ტოვებთ მაშინ, როცა აქ საპირისპირო ინფორმაცია გავრცელდა. თქვენი სახელით არის წერილი გამოგზავნილი და გვიდასტურებთ, რომ მართლაც თქვენ გამოგზავნეთ?

დიახ. კოლინ ვაიბლი ვარ და გიდასტურებთ, რომ მე გამოვგზავნე ეს წერილი. 

რადგან მაქვს შესაძლებლობა, გაგესაუბროთ, რას მიაწერთ მაშინ პირველ განცხადებას, რომელიც ანაკლიის კონსორციუმმა გაავრცელა და სადაც გვითხრა, რომ "კონტი ჯგუფი" ანაკლიის პორტის პროექტში ბრუნდებოდა?

თუ შეხედავთ იმ განცხადებას, ჩვენ ვხსნით, რომ ტრანზაქცია, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ისე ჩანს, რომ დროში ვერ ეტევა. ამდენად ჩვენ კი არ ვბრუნდებით პროექტში, ჩვენ უბრალოდ ვერ ვახერხებთ, წილი გავასხვისოთ. ჩვენი მიზანია, შევეცადოთ და გავყიდოთ ეს წილი.

ამდენად, ის ფაქტი, რომ თქვენ უბრალოდ წილს ვერ ყიდით, ითარგმნა როგორც ფაქტი, რომ პროექტში რჩებით - ამას მეუბნებით ახლა?

დიახ. სწორედ ეს დავინახეთ მედიაში. დაბეჯითებით ვამბობთ, რომ განცხადება, რომელსაც ამ დრომდე ავრცელებდა მედია, არასწორია. სწორედ ამისთვის გამოგიგზავნეთ ეს პრესრელიზიც, რომ რაც შეიძლება დავაზუსტოთ ჩვენი პოზიცია.

კიდევ ერთი დაზუსტება. ანაკლიის კონსორციუმმა თქვა, რომ დეტალები არ იცის და რომ ეს ყველაფერი უკვე პარტნიორებს შორის მოლაპარაკების საგანი იქნება - აქ რა გაქვთ სათქმელი?

ამაზე არაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ განცხადება, რომელსაც ამ დრომდე ავრცელებდა მედია ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა. ჩვენ ვნახეთ შეცდომით გავრცელებული ინფორმაცია და ახლა ვცდილობთ, ხმა ყველას მივაწვდინოთ საქართველოში და ავხსნათ ჩვენი პოზიცია. 

გამოდის, თქვენ პრესრელიზი ჯერ ჩვენ გამოგვიგზავნეთ, სანამ ამას ანაკლიის კონსორციუმს ეტყოდით, - ასეა? 

სწორია. თუმცა მათ ისედაც იციან ჩვენი პოზიცია და ის დღესაც უცვლელია. 

კონტი ჯგუფის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილი წერილი:


"ამ წლის დასაწყისში "კონტი ინტერნეშენელმა", კონტი ჯგუფის წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი. 

მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება; ამ დრომდე არცერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება. 

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ "კონტის" პოზიცია უცვლელია. "კონტი" გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას. 

ამდენად, "კონტი" შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტ ვადაში დატოვებისთვის. 

"კონტის" ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის. "კონტი" მზად არის კონსტრუქციული ურთიერთოებებისთვის კონსორციუმთან, საქართველოს მთავრობასთან და მსესხებლებთან იმ პროცესშიც, როცა ის ტოვებს კონსორციუმს და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ", - ნათქვამია bm.ge-ისთვის გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ "კონტი ჯგუფმა" ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლის შესახებ განცხადება 2019 წლის აგვისტოში გააკეთა. მას კონსორციუმი ოქტომბერში უნდა დაეტოვებინა. ორგანიზაცია კონსორციუმში 42%-იან წილს ფლობს. 

კონტი ჯგუფის განცხადება:






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა