მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing 747-ის ოპერატორმა ქართულმა ავიაკომპანიამ 2020-ში ₾94 მილიონის შემოსავალი მიიღო

614dd1d11eb2a
შოთა ტყეშელაშვილი
25.09.21 00:14
3188
Geo Sky უმსხვილესი ქართული სატვირთო ავიაკომპანიაა, რომელიც ორი Boeing 74-ის მეშვეობით ასრულებს ფრენებს. კომპანიამ 2020 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც გასულ წელს ავიაკომპანიის მთლიანი შემოსავალი 94 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 9.9 მილიონი ლარი იყო.

Geo Sky 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიამ საქმიანობა განსაკუთრებულად 2020 წელს Boeing 747-ების იჯარით აღების შემდეგ გააფართოვა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეესტრის თანახმად, ავიაკომპანიის სახელზე 1987 წელს წარმოებული, ორი სატვირთო Boeing 747 არის რეგისტრირებული.

კომპანიის მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ბოლოს ავიაკომპანია კიდევ ერთ Boeing 747-ს შეიძენს, ხოლო 2023 წელს კი უფრო ახალი Boeing 747-400-ის შეძენაა დაგეგმილი.

“კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საავიაციო ტვირთების გადაზიდვები მსოფლიოს მასშტაბით, შვეულმფრენის გაქირავება და ტექნიკური მომსახურება. სატვირთო გადაზიდვების საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებული ორი საჰაერო ხომალდის მეშვეობით,”- ნათქვამია ანგარიშში.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ავიაკომპანიისთვის ყველაზე დიდი - 28.6-მილიონიანი ხარჯი თვითმფრინავების იჯარა იყო, 26.7 მილიონი ლარით მეორე ადგილზეა საწვავის ხარჯები, 7.6 მილიონი ნავიგაციის, 5.5 მილიონი შრომის ანაზღაურების, 5.3 მილიონი ლარი კი აეროპორტების მომსახურების ხარჯი იყო.

ჯამში ავიაკომპანიამ 2020 წელს ფრენების შესრულების თვითღირებულებაზე 82.9 მილიონი ლარი დახარჯა. ავიაკომპანიას 2020 წლის მოგებად 9.9 მილიონი ლარი აქვს მითითებული.

ავიაკომპანია Geo Sky-ს 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი ზაურ ქორთოშაძე.