მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOG: ქვეყანაში მთავარი გამოწვევა უმუშევრობისა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია

5dd6a16fd57fd
სალომე მეცხვარიშვილი
21.11.19 20:27
1836
ქვეყანაში მთავარი გამოწვევა უმუშევრობისა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელია და ყველა ინიციატივა, ამ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ფაილოძე bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს.

“რეგულაციებს და ზოგადად, რა ხდება ქვეყანაში, ეროვნული ბანკი მაკრო დონეზე უყურებს, უფრო კომპლექსურად, შესაბამისად, გადაწყვეტილებები - შეარბილოს თუ არა რეგულაციები, მიიღება იმასთან მიმართებაში, თუ როგორი ეკონომიკური სიჯანსაღეა ქვეყანაში. თუ ეროვნული ბანკი ნახავს, რომ არის დაბრკოლება, დარწმუნებული ვარ, შესაბამისად მოახდენს რეაგირებას. დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობის მაღალი დონე, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და ყველა ინიციატივა, ამ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს”,- აცხადებს გიორგი ფაილოძე.

კითხვაზე, უნდა შერბილდეს თუ არა გამკაცრებული რეგულაციები ფიზიკური პირების დაკრედიტებაში, რამდენადაც ეროვნული ბანკი ამბობს, რომ დაკრედიტების დონე კომერციულ ბანკებში ჯანსაღად იზრდება, "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ რეგულაციებმა ბანკების პორტფელში გარკვეული ცვლილებები გამოიწვია და გააქტიურდა ბიზნესის დაფინანსება.

“დაკრედიტების დონე არის ჯანსაღი. ჩვენ ვერგებით იმ მოცემულობას, რაც გვაქვს ქვეყანაში, ასე რომ ეს არის მარეგულირებლის გადასაწყვეტი, როგორი რეგულაციები უნდა იყოს ქვეყანაში. მეტნაკლებად დაბალანსებულია საკრედიტო პორტფელი, თუმცა, ბოლო პერიოდში ბიზნესსესხების აქტიური ზრდა შეინიშნება. თუმცა, ეს არის ციკლური ბაზარი - არის წლები, როცა დაკრედიტება ბიზნესის კუთხით არის აქტიური, არის წლები, როცა აქტიურობა შეინიშნება სამომახმარებლო სესხების მიმართულებით”,- აცხადებს გიორგი ფაილოძე.