20.დეკემბერი .2019 11:15

Bold by Veuve Clicquot-ს ჯილდოს 2019 წლის ქართველი გამარჯვებული ქეთი ქვარცხავა გახდა

views 703
უკან

საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – Veuve Clicquot Business Woman Award-ი იურიდიული კომპანია BLC Law Office-ის პარტნიორს, ქეთი ქვარცხავას გადაეცა, Bold Future Award-ი კი - ახალგაზრდა მეწარმის ნომინაციაში გამარჯვებულ ნინო კვერნაძეს (კომპანია "უდაბნო"). 

2019 წელს ეროვნულმა ჟიურიმ ფინალში ოთხი ნომინანტი შეარჩია: თინა მამულაშვილი ( „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ დირექტორი), ნინო კობახიძე („გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი), ქეთი ქვარცხავა (BLC Law Office-ის პარტნიორი), ნონა თორდია („გემუანის“ დამფუძნებელი).

Veuve Clicquot Business Woman Award-ი მსოფლიოს 27 ქვეყანაში ყოველწლიურად გადაეცემათ გამორჩეულად წარმატებულ საქმიან ქალებს, რომლებიც არიან თავიანთი კომპანიის წამყვანი ძალა, იღებენ თამამ გადაწყვეტილებებს, აქვთ სამეწარმეო სულისკვეთება და მონაწილეობენ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში. წლევანდელი ნომინანტები სწორედ ამ კრიტერიუმებით შეარჩია ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლევან გიორგაძე, კომპანია „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი; ზურაბ გელენიძე, GIG-ს ფინანსური დირექტორი; იოულია სოტიე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ბიზნესატაშე და თინათინ რუხაძე, ACT Global-ის გენერალური დირექტორი და „Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდოს“ 2018 წლის გამარჯვებული.

„Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდო“ 1972 წელს, შამპანურის სახლის დაარსებიდან 200 წლის იუბილეზე, შამპანურის La Grande Dame-ად წოდებული მადამ კლიკოს პატივსაცემად დაწესდა. 47 წლის განმავლობაში ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს 27 ქვეყანაში 350 ლიდერი ქალი გახდა, რომლებიც მადამ კლიკოს სულისკვეთებას, სამეწარმეო ტალანტს, ხასიათის სიმტკიცესა და ინოვაციურ ხედვას იზიარებენ, გამოირჩევიან თამამი გადაწყვეტილებებით, აქვთ უნარი, განაახლონ ინდუსტრიის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები, შეინარჩუნონ და განავითარონ ტრადიციები.

საზოგადოების ევოლუციის კვალდაკვალ წარმატებული ქალის მოდელი ბიზნესის სამყაროს საზღვრებს სცდება, ამიტომაც, კომპანიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ტრადიციული ჯილდო ახალი სახელწოდებით Bold by Veuve Clicquot გაიცემა და იმავე სახელწოდების სამოქმედო პროგრამის ნაწილი ხდება, რომელიც მთელი წლის მანძილზე მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს.

Bold Woman Award-ი თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის კვლავაც გამოავლენს ქალებს, რომელთა სახელი გამბედაობის სიმბოლოდ იქცა. Bold Woman Award-ის გამარჯვებულები საკუთარი ენერგიითა და გამოცდილებით ბიზნესის სამყაროში ნიჭიერი ქალების არსებობასა და გაძლიერებას უწყობენ ხელს, თავიანთი მაგალითით საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მატებენ ქალებს, რომლებიც რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ.

შამპანურის სახლი Veuve Clicquot: Veuve Clicquot – „კლიკოს ქვრივს“ ნიშნავს. მადამ კლიკომ, მამაცმა და ინოვატორმა ქალმა, მეუღლის უეცარი გარდაცვალების შემდეგ 1805 წელს შამპანურის სახლის, Veuve Clicquot-ს მართვა დაიწყო და თანამედროვეობის ერთ-ერთი პირველი მეწარმე ქალი გახდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქალებს მუშაობის ან საბანკო ანგარიშის გახსნის უფლებაც კი არ ჰქონდათ.

წლების განმავლობაში მადამ კლიკომ ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა, სრულყოფილების კულტურა შეიმუშავა და საკუთარ კრედოდ აქცია ფრაზა: „ერთადერთი ხარისხი – საუკეთესო“. მადამ კლიკოს სახელს უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია ღვინის სამყაროში, როგორიცაა: რემუაჟის მაგიდის გამოგონება (მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს შამპანურის ნალექისგან დაწმენდას); მან განაახლა პირველი ჩვენთვის ცნობილი ვინტაჟური შამპანური (1810) და შექმნა პირველი როზე (1818), რომელიც წითელი და თეთრი ღვინოების შერევით მიიღება. ბრენდს მისი გამბედაობისა და სრულყოფილების კვალი ამჟამადაც ეტყობა. Veuve Clicquot ლუქსკლასის შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხარისხიანი ბრენდია.

1772 წელს დაარსებული შამპანურის სახლი Veuve Clicquot 1987 წლიდან LVMH Group-ის შემადგენლობაშია. კომპანიის ვენახები 515 ჰექტარზეა გადაჭიმული, მარნების სიგრძე 24 კილომეტრს შეადგენს, პროდუქცია კი მსოფლიოს 150 ქვეყანაში იყიდება. საქართველოში Veuve Clicquot-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია „GD ალკო“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა