მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 10 წელი ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა, ჰიდროენერგეტიკა ჩამორჩა - ნათია თურნავა

6047267134475
ინგა მურუსიძე
09.03.21 12:00
1100
"ბოლო 10 წელიწადში ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ჰიდროენერგეტიკა პროცესს ჩამორჩა" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა.

„ბოლო დროს ხშირად ისმის, თითქოს ცნებები - ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არ არსებობს და ეს რაღაც მოგონილი და არარეალისტურია. ამბობენ, თითქოს არ გვჭირდება საკუთარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისება; ეს არის მცდარი მიდგომა. ბოლო 10 წლიწადში ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ მთელი რიგი პრობლემების გამო, მათ შორის კამპანიის - „არა ჰესებს“ -  გამოც,  ჰიდროენერგეტიკა, ჰესების მშენებლობა ჩამორჩა ამ პროცესს", - განაცხადა თურნავამ და საილუსტრაციოდ ბოლო წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლები წარადგინა.

„თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი სულ 200 მლნ კვტ.სთ-ზე ოდნავ მეტი იყო, ახლა მილიარდ 600 მლნ კილოვატ საათზე მეტის ანუ 8-ჯერ მეტის შემოტანა გვჭირდება. თუ ამას დავამატებთ, დაახლოებით, 3 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგიის გამომუშავებას, რომელიც იმპორტირებული გაზის რესურსზეა დამყარებული, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი უკვე იმპორტზეა დამოკიდებული. მხოლოდ პანდემიურ 2020 წელს, როცა ასე ძალიან გვიჭირდა, ელექტროენერგიის და გაზის იმპორტისთვის 200 მილიონზე მეტი დოლარი გავიდა ქვეყნის გარეთ -  ეს რესურსი ხომ თუნდაც ლარის კურსის გამყარებას წაადგებოდა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ: პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებულ კითხვებზე საპასუხოდ პარლამენტში მისვლისკენ ჯერ კიდევ 4 მარტს მოუწოდა; 5 მარტს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.

ცნობისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-აა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებენ, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.