მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 10 წელიწადში რაც გაკეთდა ქვეყანაში, წინა 40 წელში რამე მსგავსი კეთდებოდა?! - თოფაძე

60c21128d313e
ინგა მურუსიძე
10.06.21 19:45
14251
„ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე ბიზნესმენი და წარსულში ლუდის და ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ყაზბეგის“ მფლობელი გოგი თოფაძე რომ რვასართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავდა, ამაზე bm.ge 2019 წელს წერდა, მაგრამ როგორც ირკვევა, პანდემიამ ბიზნესმენის გეგმები შეცვალა. „ვირუსმა ყველაფერი გადაატრიალა“, - ამბობს გოგი თოფაძე, თუმცა საინვესტიციო წინადადებებისთვის ღია რჩება.

"რუსეთიდანაც მეხვეწებოდნენ ჩვენი მეგობრები, ქართველი ბიჭები, ჩამოვალთ და ავაშენებთ სასტუმროსო... სახლის აშენებაც შეიძლება და ა.შ. მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა. თუ ვინმეს სურვილი აქვს, პროექტი განახორციელოს, მოვიდეს და დაგველაპარაკოს; როცა ვირუსი დაიწყო, ეს ყველაფერი გადავდეთ, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესებულია და პროექტის განხორციელებას მოინდომებს, მზად ვართ, მეწილეც გავხდეთ“, - აცხადებს ბიზნესმენი.

Bm.ge-მ გოგი თოფაძეს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და ზოგადად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებიც შეაფასებინა.

„ბიზნესი საქართველოში ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, მაგრამ ვფიქრობ, წარმოებების შექმნის კუთხით ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მაგალითისთვის, ქვეყანაში 150 საკონსერვო ქარხანა გვქონდა, მათგან 85 ეკუთვნოდა სახელმწიფოს. ახლა კიდევ პროდუქცია შემოდის ჩინეთიდან, თურქეთიდან და აქ აღარავინ არაფერს აკეთებს. ადრე ყველაფერი მზადდებოდა საქართველოში - წვენი, კონსერვები... გვქონდა ჩაის ფაბრიკები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ და ალბათ ეს პროცესი მალე დაიწყება “, - განაცხადა გოგი თოფაძემ და დასძინა, რომ პანდემიის დასრულებასთან ერთად, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობაც უნდა დამთავრდეს და „მერე ყველამ უნდა დავიწყოთ მუშაობა“.

„ჩვენი ხელისუფლება ძალიან კარგად იქცევა - სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით სესხს აძლევს ხალხს, რათა ბიზნესი დაიწყოს; რამდენი რაღაცა კეთდება, მაგრამ მთავარია, წარმოების განვითარება და ალბათ ამ მიმართულებით მუშაობაც მალე დაიწყება. აბა, ხალხი რატომ გარბის ევროპაში და სხვა ქვეყნებში? 110 ქარხანა იყო და ახლა მხოლოდ ორია... ეს ხალხი რაიონებში, ქარხნებში იყო დასაქმებული. სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამ მოხერხდა ბოლო 7-8 წელიწადში, გაიზარდა სოფლის მეურნეობა და ახლა გადამუშავება ხომ უნდა ამას?! მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ახლა ვირუსმა გაართულა საქმე... იქ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე მიდიოდა საუბარი. ეს ყველაფერი პრობლემაა, თორემ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, ამაზე პრეტენზიები ნუ გაქვთ... რაც ბოლო 10 წელიწადში გაკეთდა საქართველოში, წინა 40 წელიწადში კეთდებოდა რამე მსგავსი?“, - აცხადებს ბიზნესმენი გოგი თოფაძე bm.ge-სთან.