მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 4 წლის განმავლობაში საუკეთესო ეკონომიკური შეფასება გვაქვს - PMC კვლევითი ცენტრი

6394b215de5f3
მარიამ იზორია
11.12.22 11:23
723
ეკონომისტების გამოკითხვის თანახმად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში ქართველი ეკონომისტები საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად აფასებენ. მათი შეფასება როგორც 2022 წლის მესამე კვარტალთან, ასევე 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა.

თუმცა გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უარყოფითია. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მოლოდინი გაუარესდა იმ პოზიტიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ ჰქონდათ, როგორც 2022 წლის მესამე კვარტალში, ასევე 2021 წლის მეოთხე კვარტალში.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კვლევამ საუკეთესო შედეგი აჩვენა, თუმცა ეკონომისტებს მომდევნო 6 თვესთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინები აქვთ და 2023 წელს ეკონომიკასთან დაკავშირებით სერიოზულ რისკებს ხედავენ.

მისივე განმარტებით, მთავარ გამოწვევად კვლავ ინფლაცია რჩება.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში საუკეთესო ეკონომიკური შეფასება გვაქვს. როცა ვსაუბრობთ მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ უარყოფითი პროგნოზი გვაქვს მოლოდინებთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო 6 თვეს ეხება. ეკონომისტების უმრავლესობა სერიოზულ რისკებს ხედავს 2023 წელს ეკონომიკასთან დაკავშირებით.

მაღალი ინფლაცია, ემიგრაციის საკითხები მთავარ გამოწვევებს შორის არის. ასევე საყურადღებოა შოკური პოზიტიური ეფექტი, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია. ომის გამო დიდი რაოდენობით შემოსულმა ემიგრანტების ნაკადმა გაზარდა ეკონომიკური მაჩვენებელი. ის უარყოფითი ეფექტები, რაც ამას აქვს და ექნება, შესაძლოა, 2023 წელზე აისახოს“, - განმარტავს გიორგი ხიშტოვანი.

საქართველოს ეკონომიკური კლიმატი