მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო 5-წლიან პერიოდში, სასესხო აქტივების მიმართულებით, სექტორში ასეთი დაბალი ზრდა არ გვქონია“- მისოების ასოციაცია

6465de0be7758
თათია ჩაფიჩაძე
18.05.23 22:33
589
2023 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 30 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტია.

მისოების აქტივები ჯამურად 1.86 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 220 მილიონი ლარით მეტია. გაზრდილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელიც, რაც ამჟამად 1.58 მილიარდ ლარს აღწევს (მატება წინა წელთან 90 მლნ ლარი). მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოსავლების მთავარ წყაროდ კვლავ სალომბარდე სესხები რჩება, რომლის პორტფელიც 790 მილიონ ლარს აღწევს.

როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო დევდარიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, 5-წლიან მინიმუმამდეა შემცირებული სასესხო პორტფელი.

„როცა ვსაუბრობთ მომგებიანობაზე უნდა ავიღოთ მაჩვენებლები იგივე კაპიტალთან მიმართებაში, ანუ რამდენად მომგებიანია სექტორი ეს განისაზღვრება არა აბსოლუტური მოგების თვალსაზრისით, არამედ იგივე უკუგება კაპიტალზე რა ჰქონდა ჩვენს სექტორს. ამ თვალსაზრისით 2022 წელს გვქონდა 18%-იანი გაუმჯობესება უკუგების მაჩვენებლის, პირველი კვარტლის შედეგებით ოდნავ შემცირებას აჩვენებს, თუმცა 18%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ცუდი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს საკმაოდ კარგი ზრდა ჰქონდა სექტორს, პირველი კვარტლის მონაცემებით იგივე სასესხო პორტფელს თუ ავიღებთ საკმაოდ დაბალი ზრდა დაფიქსირდა. ბოლო 5-წლიან პერიოდს თუ განვიხილავთ ასეთი დაბალი ზრდა 1,7%-ის ფარგლებში, სასესხო აქტივების მიმართულებით პრინციპში სექტორში არ გვქონია. ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ საბანკო სექტორში ზოგადად პორტფელის ზრდა მთლიანი სესხების მიმართულებით არ გვქონია და შემცირება იყო 0.6%-ით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფინანსო სექტორში სასესხო პორტფელის ზრდა წელს ზოგადად შემცირებულია. აქტივების მიმართულებით კლება გვაქვს, თუ ავიღებთ 2022 წელი რა მაჩვენებლით დავასრულეთ და პირველი კვარტლის მონაცემს შევადარეთ კლება იყო 3% გაწლიურებული მაჩვენებლით, საბანკო სექტორში იგივე მაჩვენებელი 4%-ს აჭარბებს,“- განაცხადა დევდარიანმა.

რაც შეეხება თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ აღებულ სესხებს, ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მისო-ების სექტორის კაპიტალის ძირითად წყაროს ქართული კომერციული ბანკებისგან აღებული კრედიტები წარმოადგენს, რაც 389 მილიონ ლარს შეადგენს. უცხოური საფინანსო ორგანიზაციებისგან მისო-ებს 285 მილიონის სესხები აქვთ მოზიდული, რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ მათზე გაცემული სესხები 163 მილიონი ლარი, რეზიდენტი იურიდიული პირების სესხები კი 62 მილიონი ლარია. მთლიანობაში მისო-ებს ბანკებისა და ინვესტორების მიმართ 1.06 მილიარდი ლარის სესხები აქვთ.