მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაზის გაჟონვის 48 შემთხვევა დაფიქსირდა – "თბილისი ენერჯის" მიმართვა

5f3b8412654a2
BM.GE
18.08.20 11:45
840
ბოლო ერთი თვის განმავლობაში დიდი რაოდენობით გაზის დაგროვებისა თუ გაჟონვის 48 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, 48-ე შემთხვევაში ძლიერი აფეთქების დიდი რისკი იყო. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გვიან ღამით სითი მოლში დაფიქსირდა.

"სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა. თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე დროულად მისული თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა. შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ სითი მოლის შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა. ეს ნიშნავს რომ სითი მოლი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა", – წერია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის განცხადებით, ბოლო სტატისტიკა მეტყველებს, რომ მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა და სხვადასხვა მედია საშუალებებით აქტიური სოციალური კამპანიისა, ადამიანები უგულვებელყოფენ საფრთხეებს, თვითნებურად გაჰყავთ და აერთებენ გაზის დანადგარებს, კუსტარულად გაჰყავთ გაზგაყვანილობა და უყურადღებოდ ტოვებენ გაზის ხელსაწყოებს.

"გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ და გავაფრთხილოთ ჩვენი მოსახლეობა - გთხოვთ, იყავით ყურადღებით, გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა. თქვენი არასწორი ქმედების შედეგად თქვენ, თქვენი ოჯახის წევრებს და მეზობლებს საფრთხეს უქმნით. ნუ იქცევით უნებლიე მკვლელებად. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფ ადამიანებს. როგორ სწრაფად და პროფესიონალურადაც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენ და ჩვენი სპეციალისტები საბოლოოდ ყველაფერი ისევ თქვენზეა დამოკიდებული. უყურადღებოდ დატოვებული ხელსაწყოები ხშირად გამხდარა უბედურების მიზეზი და ამის ბევრი მაგალითი არსებობს", – წერია კომპანიის განცხადებაში.