01.აპრილი .2021 21:31

“ბოლო პერიოდში გარკვეული კლინიკები დაიხურა” - ჯანდაცვის სექტორი ტარიფების გადახედვას ითხოვს

“ბოლო პერიოდში გარკვეული კლინიკები დაიხურა” - ჯანდაცვის სექტორი ტარიფების გადახედვას ითხოვს
views 435
უკან

ჯანდაცვის სექტორში მომუშავე კომპანიები ამბობენ, რომ კლინიკებში მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. როგორც „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი აცხადებს, კრიზისთან მიმართებით შედარებით უფრო მოწყვლადები მცირე კომპანიები არიან, რომელთა ნაწილმაც ბაზრის დატოვება დაიწყო.

ამასთან, მისი თქმით, უკვე შეიმჩნევა ტენდენციაც, რომ ხარჯების დაზოგვის მიზნით სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი შედარებით იაფ და დაბალხარისხიან სახარჯ მასალაზე აკეთებს არჩევანს, რაც საბოლოო ჯამში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე იქონიებს გავლენას.

“დღეს არსებული ტარიფების უმეტესობა არის ზარალიანი, როგორც მცირე ისე მსხვილი კლინიკისთვის. მსხვილ კომპანიებს აქვთ უფრო მეტად ფინანსების მართვის უკეთესი რესურსი, ასევე აქვთ სხვადასხვა სერვისები, რაც შეიძლება აბალანსებდეს მდგომარეობას. ამ ორი რაღაცის ერთობლიობით მსხვილ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ რომ იფუნქციონირონ მსგავს მოცემულობაში, თუმცა მსხვილი კომპანიისთვის არსებული ტარიფები მისაღები არ არის, ეს მათთვისაც ზარალიანია. შეიძლება მონოპროფილური, მცირე კლინიკები იმისთვის, რომ გადარჩენენ პირველ რიგში დაიწყებენ ხარისხის გაფუჭებას, შემდეგ კი დაიხურებიან. ამას მსხვილი კომპანიები არ იზამენ, ადამიანის ჯანმრთელობის ფასად ხარისხს არ დააგდებენ.

მე არ ვიცი რამდენი კლინიკა დაიხურა ბოლო პერიდში, მაგრამ რამდენადაც ვიცი არის პრეცედენტები იმისა, რომ გარკვეული კლინიკები დაიხურა", - აცხადებს “ევექსის ჰოსპიტლების” გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ ორთვენახევრის წინ ჯანდაცვის სექტორმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს მიმართა. მიმართვის შემდეგ შედგა შეხვედრაც, რის შემდეგაც კლინიკებმა სამინისტროს ახალი ტარიფები წარუდგინეს, თუმცა მას შემდეგ კერძო სექტორი უწყებისგან პასუხს ელის.

კლინიკების განმარტებით, მდგომარეობას დღეს განსაკუთრებით ლარის გაუფასურება ამძიმებს, რადგან სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი სახარჯი მასალებისა და აპარატურის ღირებულება დოლარსა და ევროშია. მისი განმარტებით, ამას დაემატა კომუნალური გადასახადების გაძვირებაც. კერძო სექტორი ამბობს, რომ 10 წლის წინ დადგენილი ტარიფებით ფუნქციონირების შესაძლებლობა დღეს სექტორს აღარ აქვს.