მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო პერიოდში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დროებითია - ნარმანიას განმარტება

6176cb5eca6b4
დავით ჯალაღონია
25.10.21 22:18
750
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განმარტებით, ელექტროენერგიის იმპორტის ბოლო მაჩვენებლებში რუსული ენერგიის მოცულობების ზრდა, აღნიშნულ ქვეყანაში დენის დაბალი ფასით აიხსნება. ამის შესახებ მან Forbes Talk-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ ელექტროენერგიას ვიღებთ როგორც რუსეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. ყოველთვიურად ცხადდება აუქციონები, სადაც გამტარუნარიანობიდან და ფასიდან გამომდინარე მიიღება გადაწყვეტილებები, ამდენად ბოლო პერიოდში რუსეთიდან იმპორტი უფრო დროებითია, რადგან რაღაც პერიოდებში ერთი ქვეყნიდან ხდება იმპორტი, რაღაც პერიოდში - მეორედან, ან მესამედან. ასე რომ აქ მთავარი ფასის მომენტია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ენერგიის მხოლოდ ნეტო-იმპორტიორი არ ვართ - ზოგიერთ პერიოდში გაგვაქვს კიდეც ენერგია, მაგალითად, როცა გაზაფხულზე ჭარბი წყლის მოდინებაა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება ზოგადად იმპორტის ზრდის მიზეზებს და მისგან გამოწვეულ შედეგებს, სემეკ-ის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი რისკებს ქმნის როგორც ელექტროენერგიის გამტარუნარიანობის კუთხით, ასევე - ეკონომიკური თვალსაზრისით.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ხაზებს, მეზობელ ქვეყნებთან რაც გვაქვს, შეზღუდული გამტარუნარიანობა გააჩნია, შესაბამისად, თუ კიდევ გავზრდით იმპორტს, ასეთ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, კიდევ ახალი ხაზების მშენებლობა გახდება საჭირო, რაც ბუნებრივად კიდევ ფულის დახარჯვას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. ამდენად, ბევრი ერთმანეთთან გადაჯაჭვული ნეგატიური მხარე აქვს იმას, რაც თან სდევს ადგილზე ჰესების არ აშენებას და წინააღმდეგობებს. ისმის კითხვა? - პასუხი უნდა გავცეთ, კვლევები კეთდებოდა და ა.შ, მაგრამ ასეთი ძალიან რადიკალური მიდგომა - არა ჰესებს, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი. გაცილებით მეტს ვკარგავთ და მომავალში კიდევ უფრო მეტს დავკარგავთ, მით უმეტეს, იზრდება დამოკიდებულება არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. გვინდა, მასზე ენერგეტიკული დამოკიდებულება? - ალბათ, არა”, - აღნიშნავს ნარმანია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე 37 მლნ 113 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა – 650 აშშ დოლარით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმპორტის უდიდესი წილი - 61% რუსეთზე მოდის, საიდანაც 1 მლრდ 049.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ჯამურად 7 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.